17/01/2024
09:06
კულტურა
2024 წლის თანამედროვე ხელოვნების ვენეციის მე-60 საერთაშორისო ბიენალეზე, გამოფენისთვის, რომლის სახელწოდებაა „უცხოელები ყველგან არიან“, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა ა(ა)იპ შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდ/თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არტ-ვილა გარიყულას“ (ხელმძღვანელი ანა ჯორჯიაშვილი) მიერ წარმოდგენილმა პროექტმა „დანახვის ხელოვნება - ასტრონომიის მდგომარეობები“.
კონკურსში მონაწილეობისთვის სამინისტროში რეგისტრირებული იყო ხუთი საპროექტო განაცხადი, რომელთაგან ორი პროექტი საკონკურსო კომისიამ არ განიხილა არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამო და შეაფასა მხოლოდ სამი განაცხადი:
1. ა(ა)იპ შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის პროექტი „დანახვის ხელოვნება - ასტრონომიის მდგომარეობები“;
2. ფ/პ რუსუდან გამყრელიძის პროექტი Medea the Emigrant;
3. ა(ა)იპ „ჯორჯიან ინფუჟიონის“ პროექტი „დაბადების ადგილი“.
პროექტის კურატორებმა დათო კოროშინაძემ (საქართველო) და ჟულია მარშომ (საფრანგეთი) შეიმუშავეს კონცეფცია, რომელიც ქართველი ხელოვანის, პოეტისა და მწერლის, ილია ზდანევიჩის (1894-1975) საარქივო მასალას უკავშირდება, კერძოდ, მოდერნისტი არტისტის მემკვიდრეობას პროექტი თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში წარმოაჩენს, სადაც ქართული კულტურული გარემო საუკუნის შემდეგაც კვლავ ევროპული მოდერნიზმის კერად გვევლინება.
გამოფენა აგებულია ილია ზდანევიჩის და მაქს ერნსტის (1891-1976) კოლაბორაციულ არტისტულ წიგნზე დაყრდნობით, “65 მაქსიმილიანა, ანუ ასტრონომიის არალეგალური პრაქტიკა” (1964), რომელიც მის ცენტრალურ ნაწილშია წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში გამოყენებული იქნება, ილია ზდანევიჩის მემკვიდრის, ფრანსუა მერეს კოლექციაში დაცული მასალა.
პროექტში მონაწილეობენ არტისტები: ნიკა კოპლატაძე (საქართველო), გრიგოლ ნოდია (საქართველო), ჯულიეტ ჯორჯი (საფრანგეთი) და როდრიგ დე ფერლუკი (საფრანგეთი).
პროექტი ეხმიანება ვენეციის ხელოვნების 2024 წლის ბიენალეს კურატორის, ადრიანო პედროზას, კონცეფციის ერთ-ერთ პრიორიტეტს - „გლობალურ მოდერნიზმს“, რომელიც ე. წ. გლობალური სამხრეთიდან დაძრული მოდერნისტული ტალღის წარმოჩენაზეა ორიენტირებული.
გამარჯვებული პროექტის ავტორები საკუთარ შემოქმედებაში უცხოობისა და უცხოელობის საკითხს განსხვავებული თვალსაზრისით ავითარებენ და შემოქმედების ამოსავალ წერტილად სხვა კულტურებთან დაახლოებას მიიჩნევენ.
0
0