17/05/2022
14:14
საზოგადოება
რის წინააღმდეგ აღარ არიან დღეს ინტელექტუალები?
თუკი რეტროსპექტულად გადავხედავთ გასულ XX საუკუნეს, დავინახავთ, რომ ინტელექტუალები მუდმივად არსებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. აპოგეა, ცხადია, 1968 წელი იყო, ხოლო შემდეგ ეს წინააღმდეგობა და რეზისტანსული პათოსი ნელ-ნელა ინავლება, დღეს, კი, ფაქტობრივად, დასავლური სამყარო ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რომელიც უნისონში მღერის.
მოდით, ვაღიაროთ, რომ ინტელექტუალებმა გაიმარჯვეს - მათი რადიკალური დღის წესრიგი განხორციელდა: დღეს პროგრესული დასავლური ქვეყნები არათუ აღიარებენ უმცირესობათა უფლებებს, არამედ ცდილობენ ამ „აჯენდის“ დანერგვას მთელ მსოფლიოში. გენდერული პოლიტიკა სრულ აღმავლობაშია, ქალები „მი თუს“ გზით ჰოლივუდის აღიარებულ ვარსკვლავებს საჯარო სფეროდან აძევებენ, ხოლო აფრო-ამერიკელები ბლმ-ის მეშვეობით დომინირებასაც კი აღწევენ.
თუ XX საუკუნის 60/70-იან წლებში ვიეტნამის ომის წინააღმდეგ მოძრაობამ მთელი დასავლეთის ახალგაზრდობა ერთ მუშტად შეკრა, როცა ინტელექტუალები წამყვან როლს ასრულდებდნენ, განსხვავებით ამისაგან, ერაყისა და სირიის ომების წინააღმდეგ გამოსვლები სრულიად ფრაგმენტული გახლდათ და თანაც - ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე.
ერთადერთი „აჯენდა“, რომელიც ბოლო დრომდე ისტებლიშმენტის მიერ გაზიარებული ბოლომდე არ იყო - ეს იყო მწვანე ეკოლოგიური თემატიკა, მაგრამ გრეტა ტუნბერგისა და გერმანელი მწვანეების „მსუბუქი ხელის“ მეშვეობით, როგორც ჩანს, ჯერ ევროპასა და და შემდეგ აშშ-ში ეკოლოგიური დღის წესრიგიც ისევე დამკვიდრდება, როგორც - გენდერული პოლიტიკა და უმცირესობათა იდენტობები.
ასე რომ, დღევანდელ ლიბერალს თითქმის აღარაფერი აქვს გასათავისუფლებელი, ხოლო კონსერვატორს - დასაცავი თუ შესანახი. როგორც გვახსოვს, ლიბერალიზმი - თავისუფლების კულტია, ხოლო კონსერვატიზმი - დაცვასა და შენახვას გულისხმობს.
ამ ფონზე, პუტინის რუსეთი, გარდა იმისა, რომ აგრესიასა და უხეშ ძალას განასახიერებს, ამავე დროს, გამოიყურება, როგორც აბსოლუტური არქაიკა - როგორც ძველი ეგვიპტე თუ ბაბილონი.
ერთადერთი ხმა, რომელიც ამოვარდნილია ამ დასავლური უნისონიდან - ესაა რომის კათოლიკე ეკლესიის მეთაურის ფრანცისკეს ხმა, რომელიც ხან უკრიანული ომის გამო ნატოს ამუნათებს, რომელიც, მისი თქმით, „დიდხანს ყეფდა რუსეთის კართან“ (https://www.thedailybeast.com/pope-francis-says-nato-started-war-in-ukraine-by-barking-at-putins-door) და ხანაც, პუტინთან წასვლა და მასთან დალაპარაკება სურს.
რომის ეკლესია უკვე კარგა ხანია, რაც დასავლური მეინსტრიმული ტრენდებიდან ამოვარდნილია, რის გამოც ზოგიერთი თანამედროვე რელიგიური მოაზროვნე კათოლიციზმისა და დასავლეთი გაყრაზეც კი საუბრობს. (https://www.amazon.com/Benedict-Option-Strategy-Christians-Post-Christian/dp/0735213291).
ასეა თუ ისე, პასუხი შეკითხვაზე, თუ ვის მხარეზე არიან ინტელექტუალები, დღეს მკითხველისთვის სრულიად ცხადი და მკაფიოა - ისინი პროგრესის მხარეზე არიან.
თუმცა, რამდენად არის ეს პროგრესი სამართლიანი, როცა პლანეტის დიდი ნაწილი სრულ სიღარიბეშია, ხოლო მსხვილი ბიზნესისა და საშუალო კლასის შემოსავლები ერთმანეთს არნახულად ცილდება - ეს შეკითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. არაფერს ვამბობთ ღარიბთა მიმართ იმ ემპათიაზე, რომლსაც დიდი რევოლუციების წინ, ინტელექტუალები ხაზგასმულად გამოხატავდნენ, ხოლო დღეს ისე ჩანს, რომ ეს თანაგრძნობაც სადღაც გაქრა, თუ დაიკრგა.
ასე რომ, ინტელექტუალები, მართლაც, აღარ არიან წინააღმდეგ...
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022