19/07/2022
13:34
საზოგადოება
ნებისმიერი ომი, არსებითად, მის საფუძველში, ენერგიისთვის ბრძოლაა. ენერგია კი, თავის მხრივ, ის არის, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ.
არაა გასაკვირი, რომ უკრაინა-რუსეთის ომში წინა პლანზეა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გაზსადენები, ნავთობი, ენერგიის დაზოგვა. აგერ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავის მოქალაქეებს ქამრების შემოჭერისკენ მოუწოდებს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ ლაიაენი კი ევროკავშირის მოქალაქეებს ურჩევს, ორი გრადუსით დაუწიონ გამათბობლებსა და კონდიციონერებს[1]. თავის მხრივ, რუსეთისთვის დასავლეთზე ზეწოლის კარგი იარაღია ნავთობისა და გაზის საკითხებით მანიპულაცია. ევროკავშირის ქვეყნების და, მათ შორის, მისი მოწინავე ეკონომიკის - გერმანიის ინდუსტრიული სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია რუსულ გაზზე.
მოდით, განვიხილოთ ისეთი ასპექტი, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ვნახოთ, თუ როგორი პერსპექტივის დასახვის საშუალებას იძლევა დაპირისპირებული მხარეების პოზიციები.
კლიმატის ცვლილებაში იგულისხმება, რომ წინა-ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, დედამიწის საშუალო ტემპერატურა იმატებს, რაც გამოწვეულია, ადამიანის სამეწარმეო აქტივობების შედეგად დედამიწის ატმოსფეროში სასათბურე აირების ჭარბი დაგროვებით. ტემპერატურის მატება კი, თავის მხრივ, იწვევს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა გაუდაბურება, კვებითი ჯაჭვის დარღვევა, გაუწყლოება და მრავალი სხვა. აქ არ შევალ დამატებით დეტალებში. კლიმატის ცვლილების დეტალური ანალიზისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ვრცელი წერილი, სადაც მის გამომწვევ მიზეზებსა და აღმოფხვრის გზებზე ვსაუბრობ (shorturl.at/oPQYZ). ანუ, ერთი სიტყვით: ვიღებთ ჰიპოთეზას, რომ კლიმატის ცვლილება ხდება და ის გამოწვეულია ანთროპოგენული ფაქტორებით - კერძოდ, ნამარხი საწვავების (გაზის, ქვანახშირისა და ნავთობის) ჭარბი მოხმარებით.
მოდით, კლიმატის ცვლილება, როგორც მდგენელი, შემოვიტანოთ უკრაინა-რუსეთის ომის ანალიზში.
ჩვენ ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, სინამდვილეში, არ არის ორი ქვეყნის ლოკალური ომი, არამედ ეპოქალური მოვლენაა და მასში ერთმანეთს უპირისპირდება ორი იდეოლოგიური ძალა: გლობალიზმი და სუვერენიზმი.
გლობალიზმის მიხედვით, საერთაშორისო კაპიტალის „თავისუფალი“ მიმოცვლა არის წმინდათა წმინდა, არსებობს მსოფლიო სისტემა, რომლის ერთადერთი ჰეგემონი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატები; გლობალიზმის მიხედვით, სუვერენული სახელმწიფოები მაქსიმალურად უნდა დასუსტდნენ, რათა ხელი არ შეუშალონ კაპიტალის ბრუნვას და თავისი კულტურულ-ეროვნული თუ სუვერენისტული „გამოხტომებით“ არ დაარღვიონ საერთაშორისო კაპიტალის ბატონობა. საპირისპიროდ ამისა, სუვერენისტებს მიაჩნიათ, რომ ერი-სახელმწიფო ან მიწაზე დაფუძნებული იმპერია არის ზე-ღირებულება, რომ საზღვრები მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი სახელწმიფო წინ უნდა დავაყენოთ; ისინი არ უარყოფენ კაპიტალიზმს, არამედ ამბობენ, რომ კაპიტალი უნდა იყოს ერის სამსახურში და არა პირიქით. სუვერენისტები ხედავენ, რომ საერთაშორისო ვაჭრობა წარმოქმნის ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, რომლებიც ძალაუფლებას ართმევენ სახელმწიფოებს და ძირს უთხრიან სუვერენიტეტს.
რაც შეეხება კლიმატს: გლობალისტების დღის წესრიგის ნაწილია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა. ისინი გაცხადებულად მხარს უჭერენ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და ატარებენ შესაბამის რეფორმებს - მათ შორის, არის ევროკავშირიც, ვითარცა ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი; თუმცა, უკრაინის ომმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირის მიერ არჩეული „პრო-უკრაინული“ პოლიტიკა კონტრ-პროდუქტიული აღმოჩნდა - მათ ვერ გათვალეს, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე მეტისმეტად არიან დამოკიდებულნი და „მწვანე დღის წესრიგზე“ გადასასვლელად საჭირო იყო რუსეთთან „თბილი ურთიერთობის“ შენარჩუნება კიდევ მეტი ხნით, რათა, რუსეთს მისი შანტაჟი არ მოეხდინა ენერგეტიკული საკითხებით.
გლობალისტების შემთხვევაში, არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც კლიმატს უკავშირდება - ესაა მათ მიმართ საზოგადოების ფართო ფენების უნდობლობა. მართლაც, რთულია ფართო მასებში ნდობა აღძრა, როდესაც შენი (ე.ი. გლობალისტური) დღის წესრიგი ასეთია: ლგბთ - დაჩიპვა - ეკოლოგია - ენ-ჯე-ო - სახელმწიფოს დასუსტება. ადამიანებს უნდობლობა უჩნდებათ ეკოლოგიური პრობლემატიკისადმი, რადგან ამას მილიარდელების მიერ მათი შეცდომაში შეყვანის საშუალებად მიიჩნევენ. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ, რომ, მთელ რიგ შემთხვევებში, მოსახლეობის ფართო ფენებს მოუწოდებენ ქამრების შემოჭერისკენ მაშინ, როცა თავად მულტიმილიარდელები, მწვანე საქმიანობასთის პარალელურად, აგრძელებენ ბოინგებით მგზავრობას და ხშირად, არც „არამწვანე“ ინვესტიციებს ერიდებიან.
რაც შეეხებათ სუვერენისტებს: ჩემდა სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სუვერენისტ-კონსერვატორებში კლიმატის ცვლილებასა და ეკოლოგიას არ ეთმობა სათანადო ადგილი. ეს კონსერვატიზმის, როგორც იდეოლოგიის, სუბიექტო-ცენტრულობას გაგვანდობს. კონსერვატორთა ნაწილისთვისაც ბუნება ერთგვარი მოხმარების ობიექტია და არა ის მთლიანობა, ის ბალანსი, რომლის ნაწილებიც ვართ ჩვენ, ადამიანები. ამიტომ, ისინი, ხშირ შემთხვევაში, ამრეზით უყურებენ კლიმატის ცვლილებებს, მით უფრო, რომ ეს საკითხი მათი პოლიტიკური ოპონენტების, გლობალისტების, დღის წესრიგშია.
რუსეთის მიერ ნავთობითა და გაზით მანიპულაცია შეიძლება დიდი ოინია ლოკალურად - ე.ი. უკრაინა-რუსეთის ომის კონფლიქტში და დასავლეთის ენერგეტიკულ შანტაჟში - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ნავთობსა და გაზზე იმედის დამყარებელი რუსეთი რამდენად კარგი იქნება კლიმატთან ბრძოლის საქმეში, ეს პრობლემური საკითხია. აქვეა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც, ერთის მხრივ, დიდ „მწვანე“ პროექტებს ახორციელებენ, თუმცა ენერგეტიკაზე მზარდ შიდა მოთხოვნილებებს ისევ ძველებური ნამარხი საწვავებით (fossil fuels) აკმაყოფილებენ.
ერთი სიტყვით, უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ერთი ენერგო მოხმარებიდან მეორეზე გარდამავალი ეპოქა არის მეტად რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე და მრავლწახნაგოვანი - იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიები ჯერ კიდევ არ არის ტექნოლოგიურად კონკურენტუნარიანი, რათა „ერთბაშად“ შეცვალოს „ძველებური ენერგია“, ხოლო ამასობაში რუსეთი „ძველებური ენერგიით“ ასუსტებს ევროპას და დასავლეთს, რომელიც, თავის მხრივ, უნდა ყოფილიყო განახლებადი ენერგიების საქმეში კაცობრიობისთვის მაგალითის მიმცემი.
ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, წარმოშობს მეტად ტრაგიკულ სურათს, რომლითაც მთავრდება ფილმი „არ აიხედო მაღლა“ (DON’T LOOK UP), როდესაც [SPOILER ALERT!] კაცობრიობა გადაშენების პირასაა, ადამიანებს კი წვრილმანებზე კინკლაობით საქმე სიცოცხლის მოსპობამდე მიჰყავთ.
პუნქტობრივი შეჯამება:
- ომი არის ომი ენერგიისთვის;
- უკრაინის ომი მიმდინარეობს სუვერენისტებსა და გლობალისტებს შორის;
- ევროპას „პრო-უკრაინული“ პოზიცია „ნაადრევად“ მოუვიდა, რადგან მისი მწვანე ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ „მწვანე“, ე.ი სათანადოდ დამოუკიდებელი რუსეთის ენერგომატარებლებისგან;
- კაცობრიობის ტრაგიზმი ის არის, რომ კლიმატის ცვლილებასთან ავანგარდში მყოფი გლობალისტები: ა) მოსახლეობის ფართო მასებში უნდობლობას აღძრავენ; ბ) თავად არ არიან თანმიმდევრულები; გ) მათი პოლიტიკური პაკეტის სხვა ელემენტები აფერხებს კლიმატის ცვლილების გააზრებას და აქტივობას;
- ტრაგიზმია ისიც, რომ კონსერვატორ-სუვერენისტები არ, ან არასათანადოდ, აქცევენ ყურადღებას კლიმატის ცვლილებას, რადგან ნამარხი საწვავები განაპირობებს მათ პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ ძალაუფლებას;
- კონსერვატიზმ-სუვერენიზმის ეს წაყრუება ბუნებისადმი გვივლენს მის სუბიექტოცენტრულ ბუნებას;
- ამ ორი ძალის კინკლაობაში შეიძლება აპოკალიფსი მოგვადგეს კარს.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022