
საქართველო ტაივანელ ტურისტებს ქვეყანაში არ უშვებს. ტაივანის საგარეო მინისტრი საქართველოს მთავრობას ამ მიდგომის შეცვლას სთხოვს.
საქართველო არათუ არ აღიარებს ტაივანს, - „აზიურ ვეფხვს“, რომელიც 74 წელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად იმართება, - არამედ, დასავლელი მოკავშირეებისაგან და მსოფლიოში 140-ზე მეტი ქვეყნისგან განსხვავებით, ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევს ტაივანის მოქალაქეებს.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეს მიდგომა შეცვალოს.
დემოკრატიული ტაივანის არაღიარებისა და მისი იზოლირების პოლიტიკა, რაც საქართველოს სხვადასხვა მთავრობას ჰქონდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაამყარა სტრატეგიულმა პარტნიორობამ ავტორიტარულ ჩინეთთან.
„თუ ადამიანს აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცემული პასპორტი ან სამოგზაურო დოკუმენტი, ამ შემთხვევაში მოახერხებს საქართველოში შემოსვლას“, - მითხრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე, როცა ვკითხე, შეუძლია თუ არა ტაივანის მოქალაქეს, საქართველოში ჩამოვიდეს.
როცა ვკითხე, მე, საქართველოს მოქალაქეს, ტაივანში როგორ შემიძლია ვიმოგზაურო მეთქი, მიპასუხეს: „მიმართეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს“.
არადა, ტაივანში მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეებს ტაივანის - და არა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის - მთავრობის გაცემული ვიზა სჭირდებათ. ამ დოკუმენტს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, „ტაივანის ეკონომიკური და კულტურული ცენტრები“ მარტივად გასცემენ.
ტაივანის მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს კავშირი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ისინი არც ჩინურ პასპორტებს ფლობენ, რომ საქართველოში მოგზაურობისათვის გამოიყენონ. ტაივანელები ამაყობენ თავიანთი დემოკრატიით და არ მოსწონთ, როდესაც კომუნისტური ჩინეთის მოქალაქეებად აღიქვამენ.
„საქართველო ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებიც მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეებად გვთვლის და, ასე ვთქვათ, ჩინეთის პასპორტის ქონას გვავალდებულებს“, - მეუბნება მინ ჰსუან ვუ, მეტსახელად ტიტიკეტი (Ttcat), ტაივანელი აქტივისტი, ორგანიზაცია DoubleThink Lab-ის დამფუძნებელი, რომელიც ჩინეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იკვლევს.
0
0