04/02/2025
22:09
საზოგადოება
"ტელევიზიის თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან მძიმე არის ის პროცესები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ვითარდება საზოგადოებრიცი მაუწყებლის გარშემო" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, არხის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა თამთა სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არხის მისამართით მძიმე ბრალდებები ისმის და ისურვებდა, რომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყოს ფაქტები.
"ტელევიზიის თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან მძიმე არის ის პროცესები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ვითარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იდეალურობაზე, მაგრამ ვთანხმდებით იმ სტანდარტებზე, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს და იდეას. და რა რის ეს სტანდარტი? ვაჩვენოთ მაყურებელს მოვლენები არ დავმალოთ ფაქტები არ შევალამაზოთ არ დავამახინჯოთ და რაც მთავარია მოვლენები ავსახოთ ობიექტურობის პრინციპით.
მე არასდროს მომრიდებია ჩემი თუნდაც განსხვავებული პოზიციის გამოთქვა ნიუსრუმში, ჩვენ არ ვართ ერთ პოზიციაზე, მე ხშირად მიკამათია კიდეც და მიჩხუბია კიდეც, ეს ჩვეულებრივი პროცესია. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა ამ კამათის შემდეგ მივსულვართ კონსენსუსამდე და ეს კონსენსუსი ემყარება იმ პრინციპებსა და სტანდარტებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს განსაზღვრავს.
როდესაც ვისმენთ მძიმე ბრალდებებს, რომ გავლენებით იმართება და არხზე ღიად ტარდება სახელისუფლებო პროპაგანდა, მე ვისურვებდი წარმოდგენილი იყოს ფაქტები. ჩემს საკადრო ტექსტებში სად გავატარე სახელისუფლებო იდეოლოგია? საკმაოდ მძიმეა ეს ბრალდებები" - თქვა სანიკიძემ.
სანიკიძე არხის გენერალური დირექტორის შესახებაც საუბრობს:
„პირველი არხის გენერალური დირექტორის მიმართ ბოლო დღეებში ვნახეთ წარმოუდგენელი მასშტაბის ცილისმწამებლური კამპანია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთი ფრაზის გამო, რომელსაც მოყვა ეს კამპანია, რომელიც ყველანაირ ზღვარს სცილდებოდა. არ ვთვლი, რომ თინათინ ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც, თურმე, ატარებს საბჭოთა პროპაგანდისტულ ხაზს; ვთვლი, რომ პირველ არხს დღეს მართავს ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის საამაყო წევრად დაასახელეს, ეს არის ფაქტი“ - განაცხადა „მოამბის“ წამყვანმა, თამთა სანიკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე
0
0