
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, საშუალოდ, 9,7 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ოთხი წლის პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, ფაქტობრივად, გაორმაგდა და თითქმის 25 000 ლარს გაუტოლდა.
„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ვაჭრობის, მშენებლობისა და სხვა სექტორებმა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა და 9,4 პროცენტს გაუტოლდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელიწადში სიღარიბეს თავი 445 000-მა ადამიანმა დააღწია.
„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2025 წელს და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მათ შორის, აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რომლის მიხედვითაც 2025-2029 წლებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება.
0
0