
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს ვიდეო კავშირის საშუალებით მიმართა.
„ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის მიუხედავად, უკრაინისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. უკრაინის მიწის გასათავისუფლებლად, კიდევ ცოტა ხანი მოგვიწევს ბრძოლა. უკრაინისთვის სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კომპრომისების შეთავაზება არ ღირს. რუსეთმა კიდევ ერთხელ უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.
უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევების ლიდერი და მსოფლიომ ეს ნახა. რუსეთი თუ ამბობს, რომ სურს ამ ომის დასრულება, დაამტკიცოს ეს ქმედებებით. აშკარაა, რომ რუსეთის სიტყვების ნდობა შეუძლებელია და არ იქნება არანაირი „მინსკის შეთანხმება-3“, რომელსაც რუსეთი დაარღვევს გაფორმებისთანავე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ენერგორესურსებზე ფასების შეზღუდვა მოითხოვა და თქვა, რომ სურს, მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა გაფართოვდეს და მასში მიკოლაივის ნავსადგურიც ჩაერთოს. მისი თქმით, რუსეთმა უნდა აანაზღაუროს ომის შედეგად მიყენებული ზიანი "მისი აქტივების ხარჯზე".
”მსოფლიომ უნდა დაუჭიროს მხარი სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტური უსაფრთხოების გარანტიები... შეთანხმების პროექტი, სახელწოდებით „კიევის კომპაქტური უსაფრთხოება.“ როდესაც განხორციელდება ომის საწინააღმდეგო ყველა ღონისძიება, მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ ომის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ საერთაშორისო კონფერენცია, რათა შევიმუშავოთ ომისშემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითადი ელემენტები ევროატლანტიკურ სივრცეში და თავიდან ავიცილოთ რუსული აგრესიის განმეორება”, - დასძინა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დამყარების 10-პუნქტიანი ფორმულა წარადგინა. მისი თქმით, უკრაინის შეთავაზებებია: რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; სასურსათო უსაფრთხოება; ენერგეტიკული უსაფრთხოება; ყველა დატყვევებულის და დეპორტირებულის გათავისუფლება; გაეროს წესდების შესრულება, ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა; რუსეთის ძალების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების დასრულება; სამართლიანობის აღდგენა; ეკოციდის წინააღმდეგ ბრძოლა; ესკალაციის დაუშვებლობა; ომის დასრულების დაფიქსირება.
0
0