30/10/2024
16:55
პოლიტიკა
ევროკომისია არ აპირებს, საქართველოსთან ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცეს. ეს ცნობილი ხდება ყოველწლიური გაფართოების ანგარიშიდან, რომელსაც ევროკომისია დღეს წარადგენს. დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზეც და ხაზგასმულია ის დარღვევები, რომელთა ფონზეც ხმის მიცემამ ჩაიარა.წერს რადიო თავისუფლება.
დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ საჯაროდ გამოქვეყნებამდე ნახა, ამის მიზეზად საქართველოს ხელისუფლების კურსი არის დასახელებული.
„2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყოლია ხელისუფლების სათანადო ძალისხმევა ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროკომისია დასძენს, რომ საჭირო რეფორმების გატარების სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს „მძიმე ზიანი მიაყენა“:
„მნიშვნელოვანმა ნეგატიურმა მოვლენებმა, უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ, ისევე, როგორც ქართველი თანამდებობის პირების მკვეთრმა ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებმა, მძიმე ზიანი მიაყენა საქართველოს ევროპულ ტრაექტორიას. შედეგად, საქართველოს [ევროკავშირში] შესვლის პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია“.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო - უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან წლინახევრის შემდეგ.
მაშინ ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას ცხრა რეკომენდაცია მისცა, რომელთა შესრულებაც შემდეგ ეტაპზე გადასვლის, ანუ გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობა იყო.
იმავე დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრების მოლაპარაკებებს დაიწყებდა და დაიწყო კიდეც 2024 წლის 24 ივნისიდან.
2024 წლის გაფართოების ანგარიშში ევროკომისია აღნიშნავს, რომ ცხრა რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს „უმნიშვნელო პროგრესი“ აქვს.
ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ცხრა პრიორიტეტის შესრულებას დაუბრუნდეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2024 წლის მარტიდან განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენები არ ასახავს მთავრობის გაცხადებულ ერთგულებას ევროპული გზისადმი“.
ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს "გამჭვირვალობის კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი.
„სანამ საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ სვლას და გამოამჟღავნებს რეალურ მცდელობებს განსაკუთრებული შეშფოთების და საკვანძო რეფორმების საპასუხოდ, კომისია არ ჩათვლის საჭიროდ, გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთან [ევროკავშირში შესვლის] მოლაპარაკებების დასაწყებად”, - წერია ანგარიშში.
ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან „დაბალი რჩება“, თუმცა დასძენს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებთან არმიერთების მიუხედავად, საქართველომ ევროკავშირთან ითანამშრომლა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად.
გაფართოების ანგარიშში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც.
ევროკომისია იშველიებს ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნას და აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიამ “გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში”.
კომისია აღნიშნავს ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებს, ისევე, როგორც უარყოფით ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის დაუცველობას და პროცედურულ ხარვეზებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისია გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე გეგმავდა, თუმცა გამოქვეყნების თარიღმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თხოვნით გადაიწია.
საქართველოს შესახებ იმსჯელებენ ევროპული საბჭოს სამიტზეც, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება. სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ის უკვე ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საქართველო სამიტის დღის წესრიგში იქნება.
0
0