07/02/2025
22:57
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/trampi%20bondi.jpg)
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ახალმა მინისტრმა, პემ ბონდიმ თანამდებობაზე ყოფნის პირველ დღესვე დირექტივა გამოსცა, რომელშიც იგი დეპარტამენტის პრიორიტეტებსა და ზოგად მიმართულებაზე საუბრობს.
პემ ბონდი წერს, რომ აშშ ისტორიული საფრთხის წინაშე დგას, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის, არალეგალური იმიგრაციით, სახიფათო კარტელების, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულით, ტერორიზმით, ფენტანილითა და ოპიოიდებით, და ასევე მტრული ერი სახელმწიფოებით.
დოკუმენტში ბონდი გასცემს ბრძანებას, რომ შეწყდეს ფედერალური კანონის აღსრულების მხრივ გაწეული ძალისხმევა, რომლის მიზანიც ჩინეთის, რუსეთისა და სხვა მტრული სახელმწიფოების მხრიდან აშშ-ში გავლენის მოპოვების საიდუმლო კამპანიებთან ბრძოლას გულისხმობს.
"იმისთვის, რომ მოხდეს რესურსების გათავისუფლება უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტებთან გასამკლავებლად, და რათა შეწყდეს მომავალში საპროკურორო უფლებამოსილების ბოროტად და იარაღად გამოყენება, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) სპეციალური ჯგუფი უნდა დაიშალოს". - წერია განცხადებაში.
ამასთანავე, ბონდის მიერ გაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტი ამიერიდან FARA-ს ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღძრავს, თუ "სავარაუდო ქცევა ტრადიციული ჯაშუშური საქმიანობის მსგავსი იქნება, რომელსაც უცხოური მთავრობების პირები სჩადიან".
ბრძანების მიხედვით, სანაცვლოდ პროკურორების ყურადღება კანონის "სამოქალაქო აღსრულებას, სარეგულაციო ინიციატივებსა და საჯარო მართვას" უნდა დაუთმონ.
აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) FARA-ს სპეციალური ჯგუფი სამსახურის მაშინდელმა დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ 2017 წელს ჩამოაყალიბა მას შემდეგ, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული დაზვერვის სამსახურმა დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის ელექტრონული ფოსტის სისტემები გატეხა, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაში სისუსტეების პოვნა სცადა და სოციალურ მედიაში ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მასალების გაძლიერებულად გავრცელებას ცდილობდა.
კრისტოფერ ვრეის, რომელიც FBI-ს დირექტორის თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა წარადგინა და პოსტი 2017-2025 წლებში ეკავა, ნათქვამი აქვს, რომ FARA-ს სპეციალური ჯგუფის დანიშნულება, კონტრდაზვერვაში, კიბერუსაფრთხოებასა და კონტრტერორიზმში ბიუროს კოლექტიური ექსპერტიზისა და რესურსების გამოყენებაა, რათა გამოძიებული, გამოაშკარავებული და აღკვეთილი იყოს ამერიკის არჩევნებში უცხოური სახელმწიფოების მხრიდან ჩარევის მცდელობები.
NBC News-ის ინფორმაციით, ბონდის ბრძანების შემდეგ, FBI-ს სამი სხვადასხვა, დაახლოებით 50-კაციანი, ჯგუფი ახლა ახალი მითითებების მიღებას ელოდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ პემ ბონდის გადაწყვეტილებით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში უქმდება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებასა და კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევაზე იყო პასუხისმგებელი.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი აუქმებს სამუშაო ჯგუფს, რომლის სამიზნეც რუსი ოლიგარქები იყვნენ
ბონდი აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფი, სახელად KleptoCapture გაუქმდება იმ გეგმის ფარგლებში, რომ დეპარტამენტმა რესურსები ნარკოკარტელებთან და საერთაშორისო ბანდებთან ბრძოლისკენ მიმართოს.
"ეს რეფორმა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას მიდგომასა და აზროვნებაში". - წერს ბონდი ბრძანებაში და ამატებს, რომ სანქციათა აღსრულებისა და რუსი ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევისთვის საჭირო რესურსები კარტელებთან ბრძოლის საქმიანობისთვის გადანაწილდება.
KleptoCapture ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში შეიქმნა მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ჯგუფის საქმიანობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული მდიდარი პირების ფინანსების შეზღუდვა და იმ პირების დასჯა წარმოადგენდა, რომლებიც სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის წესებს არღვევდნენ ან თავიდან არიდებას ცდილობდნენ.
როგორც გამოცემა Reuters წერს, საქმეები, რომლებსაც აღნიშნული სამუშაო ჯგუფები იძიებენ, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუმცა ჯგუფის საქმიანობა იუსტიციის დეპარტამენტის სათავო ოფისებში აღარ იქნება ცენტრალიზებული.
ნარკოკარტელებზე აქცენტი უკავშირდება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ნარკოკარტელების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის, ამგვარი კარტელების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებას, არალეგალური მიგრაციისა და ფენტანილის ტრეფიკინგის შეზღუდვის ძალისხმევებს.
თარგმანი - “ტაბულა”
0
0