
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, როგორც გაზაფხულის, აგრეთვე შემოდგომის აქციების დროს მოქალაქეთა მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ფორმალურად აწარმოებს და მხოლოდ ამ დროისათვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დამნაშავე პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ განმარტავენ, 2024 წლის აქციებზე ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება, რამდენიმე არსებითი ხარვეზით ხასიათდება, პრობლემურია როგორც დანაშაულთა კვალიფიკაციის საკითხი, ისე ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა, ან არასათანადო მოცულობით ჩატარება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 2024 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე, თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებას აფასებს.
ორგანიზაცია იცავს როგორც გაზაფხულის, აგრეთვე შემოდგომის აქციებზე დაზარალებულ 60-მდე ადამიანის ინტერესებს ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოების დონეზე და აქვს წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე.
როგორც ცნობილია, 2024 წლის 2024 წლის აპრილსა და მაისში, ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობრივად, ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებით, შესაბამისი კანონიერი საფუძვლის გარეშე, დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას მასიურად იყენებდნენ და მოქალაქეებს დემონსტრაციულად, ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 2024 წლის აპრილსა და მაისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ნახევარზე მეტი სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა. არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება და ამ მომენტისთვის, გაზაფხულის აქციების მონაწილე 43 პირს მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.
2024 წლის 28 ნოემბერს, ი. კობახიძის განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, მოქალაქეთა მასობრივი პროტესტი მოჰყვა და 2024 წლის 9 დეკემბრამდე გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არაპროპორციული ძალას იყენებდნენ. სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი ქმედებები,არაერთ შემთხვევაში მისი ბუნებით, ინტენსივობითა და სისასტიკით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასა და დასჯას უტოლდება. ამაზე მიუთითებენ როგორც საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები, ისე საქართველოს სახალხო დამცველი. იგივე მიგნებებია დაფიქსირებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშის თანახმად, დოკუმენტირების ფარგლებში გამოკითხული 117 რესპონდენტიდან 77.7% მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან 19 ნოემბრიდან 28 იანვრის პერიოდში მიმდინარე პროტესტის კონტექსტში. ძალადობის მასშტაბი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების კოორდინირებული მონაწილეობა, წამების მსხვერპლთა ჩვენებების თანხვედრა, სხვადასხვა თარიღში განხორციელებული იდენტური ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე რეაგირების არარსებობა და, ზოგ შემთხვევაში, მისი წახალისება მიუთითებს წამების სისტემურობასა და ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე.
2024 წლის 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 400-ზე მეტი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ შემთხვევაშიც ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე უთითებდა, რის გამოც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება. მხოლოდ სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფ 20 პირს აქვს დაზარალებულის სტატუსი.
დაზარალებულის სტატუსის არსებობის მიუხედავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს არც გაზაფხულის აქციებზე და არც შემოდგომის აქციებზე გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე არცერთი დამნაშავე პირის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენია და მათ მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა.
2024 წლის აქციებზე ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება, რამდენიმე არსებითი ხარვეზით ხასიათდება. პრობლემურია როგორც დანაშაულთა კვალიფიკაციის საკითხი, ისე ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა, ან არასათანადო მოცულობით ჩატარება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0