18/01/2025
23:03
სამართალი
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი გურო იმნაძე ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელის საქმეში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას სადამსჯელო ხასიათი აქვს, მაგრამ მთავარი სამართლებრივი ნონსენსი ბრალდებაა, რადგან სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს.
გურო იმნაძე აღნიშნული პოსტით ეხმიანება სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის შესაბამისი სტანდარტით.
„სწორედ აქ უშვებს სახალხო დამცველი შეცდომას, როცა პრობლემას მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში ხედავს და არა ზოგადად, მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდებაში.
ცხადია, ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მხოლოდ სადამსჯელო ხასიათი აქვს, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არაა. უფრო სწორად, ეს მხოლოდ მეორეხარისხოვანი პრობლემაა. მთავარი სამართლებრივი ნონსენსი აქ თვითონ ბრალდებაა, რადგან სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს.
სისხლის სამართლის კოდექსშივე გვაქვს სპეციალური მუხლი, რომელიც ამბობს, რომ თუნდაც ფორმალურად არსებობდეს დანაშაულის ნიშნები, თუკი ქმედება უმნიშვნელოა, არ შეიძლება მისი ჩადენის გამო ადამიანი სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.
ამ შემთხვევაში კი სილის გაწვნას არათუ მცირე მნიშვნელობა ჰქონდა, ის მხოლოდ სიმბოლური რეაქცია იყო პოლიციელის იმ ქმედებაზე, რასაც მანამდე ჰქონდა ადგილი მზიას თუ სხვა მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან. შესაბამისად, შეუძლებელია ეს ქმედება სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულად განვიხილოთ, რომელიც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესმის, რომ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი სახიფათოდ ბუნდოვანი ტერმინოლოგიით არის დაწერილი და ფართო ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უამრავი არგუმენტი არსებობს, რატომაც ეს ბრალდება უსაფუძვლოა.
ერთ-ერთ ასეთ არგუმენტს თავად სისხლის სამართლის კოდექსივე გვაძლევს: კოდექსის 325-ე მუხლი დასჯადად აცხადებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას, ნორმის დისპოზიციაში კი თავდასხმად მიჩნეულია პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა. ტერმინოლოგიურად ხომ შეუძლებელია, ერთ შემთხვევაში კოდექსი თავდასხმად სხვა რამეს გულისხმობდეს, მეორეში კი – სხვას.
სახალხო დამცველიც სწორედ ამ საკითხებზე უნდა საუბრობდეს და ამ პრობლემაზე მიმართავდეს სასამართლოს.
ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მეტ გამბედაობას და პრინციპულობას მოითხოვს, მითუმეტეს სახალხო დამცველისგან, რომელსაც საჭირო მანდატიც აქვს და საკმარისად კვალიფიციური სტაფიც, რომ ასეთ საკითხებზე არგუმენტაცია მომზადდეს. ამ საქმეზე რომ პატიმრობის გამოყენება უსაფუძვლოა, ამას მეორე კურსის სტუდენტიც დაასაბუთებს“ – წერს გურო იმნაძე.
როგგორც ცნობილია, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.
პირველად მზია ამაღლობელი დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“ და მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მოკლე ხანში ხელახლა დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
0
0