26/01/2025
17:24
საზოგადოება
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქვეყანა.
როგორც გოდოლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ურჩიეს, საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით გარიდებოდა სიტუაციას.
თუმცა, გოდოლაძის განცხადებით, ქვეყნიდან დროებით მიდის და საქმიანობა არ მიუტოვებია.
„ჩემო გულშემატკივარნო, არსებობს მეცნიერთა სამივლინებო პროგრამა, რომელსაც ჰქვია საბატიკლი, (ქართული სახელი არ ვიცი, მომიტევეთ). მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, 30 წელია ამ პროფესიას ვემსახურები, გარკვეული ხნით მიწევს სამეცნიერო მუშაობა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 10 წელიწადი ამერიკულ გუნდთან ერთად ვქმნიდით ახალი ტიპის სეისმური და გეოდეზიური მონიტორინგის სისტემებს, შეგროვდა უნიკალურო მასალა. მასალის დამუშავებისა და სტატიების გამოქვეყნებისათვის დაგეგმილი იყო ერთობლივი მუშაობა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე (მოსამართლე შორენა გუნცაძის ვაი განაჩენის შემდეგ), ჩემმა ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით განვრიდებოდი სიტუაციას და მესარგებლა საბატიკლით და მემუშავა სტატიებზე და პროექტებზე, ასევე დროებით, ამერიკაში. სამეცნიერო მივლინების და საბატიკლის პირობებით, დროებით ვმუშაობ სხვა, ამერიკულ უნივერსიტეტში:) არ გადავიკარგები ამ ქვეყნიდან, დროებით წავედი მტრის ჯინაზე! ვიდრე ეს მტერი ბოგინობს! მე საქართველოს გარეშე არ შემიძლია. არც საქმიანობა მიმიტოვებია! ვემსახურები საქართველოს! ასევე მტრის ჯინაზე! ინტერნეტი არსებობს და ჩემი და ჩემი გუნდის მიერ საათივით აწყობილი სისტემა! დროებით ვიდრე არ ვარ, ჩემს ადმინისტრაციულ მოვალეობებს, ასევე დროებით! შეასრულებენ ჩემი ყოფილი სტუდენტები, ჩემი “გველის წიწილები”, აწ უკვე მაგარი მეცნიერები, რომელთა დაზრდითაც ძალიან ამაყი ვარ. უმაგრესი გუნდი! მიწისძვრის დროს ხაზზე ვარ! ქართველებო! მიყვარხართ, მომწერეთ ხოლმე შეკითხვები, როგორც ადრე მწერდით , ვეცდები დაგეხმაროთ როგორც შემიძლია! ძალიან ბევრი ადამიანია გადასარჩენი, მზია, ანდრო… ყველა მებრძოლი, ქვეყანაა გადასარჩენი“, - წერს გოდოლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
ცნობისთვის, დღეს „მთის ამბებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. მათივე ცნობით, მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო.
0
0