27/01/2025
12:00
საზოგადოება
21 იანვარს, თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, 58 წლის ლაურა სულიაშვილი თურქეთში, სასტუმროში ხანძრის დროს დაიღუპა. ის ემიგრაციაში 20 წელი იმყოფებოდა. 2 შვილი დარჩა“, - ამბობს სიხარულიძე.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.
თურქეთის სასტუმროში გაჩენილი ხანძარი, რომელმაც 78 ადამიანი იმსხვერპლა, სავარაუდოდ სამზარეულოში გაჩნდა, სადაც თანამშრომლებმა გრილა დატოვეს ჩართული. შემდეგ კი ცეცხლის ჩასაქრობად ცეცხლმაქრის ნაცვლად წყალი გამოიყენეს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Sabah-ი იტყობინება.
ხანძარი თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში სასტუმროს 21 იანვარს ღამით გაუჩნდა. სასტუმრო “გრანდ კარტალში” გაჩენილ ხანძარს 78 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ფარგლებში 19 პირი დააკავეს, მათ შორის, სასტუმროს მფლობელიცაა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. თურქეთის პრეზიდენტმა პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო და ყველას დაზარალებულთა სოლიდარობისკენ მოუწოდა.
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქვეყანაში 22 იანვარი გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.
0
0