საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან სამ წევს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მათ შესარჩევი კომისია პარლამენტმა დღეს, 22 მარტს დაამტკიცა 80 ხმით.
სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული. მეურვეების ვალდებულებაა თბილისისა და აჭარის მაუწყებლებს განუსაზღვრონ პროგრამული პრიორიტეტები, დაუმტკიცოს ბიუჯეტი. ასევე, დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორი, თუმცა ვერ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას.
18 აპრილს მეურვეებიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის უფლებამოსილების ვადა ეწურებათ: „ქართული ოცნების“ (მიხეილ ჩიკვილაძე), აჭარის უმაღლესი საბჭოსა (ბესიკ ლილუაშვილი) და სახალხო დამცველის (იზაბელა ოსიპოვა) შერჩეულ კანდიდატებს. კომისია მათი შემცვლელების შერჩევის პროცესში ერთვება - გაესაუბრება კანდიდატებს, დაადგენს მათ კომპეტენციას და შემდეგ ქულებით შეაფასებს.
9-კაციან კომისიაში 4 წევრი ტელე-რადიო კომპანია „იმედის“ თანამშრომელია, თუმცა პარლამენტის გამოქვეყნებულ დადგენილების პროექტში მხოლოდ ერთ მათგანს - დავით მაღლაფერიძეს უწერია სამუშაო ადგილად „იმედი“. ამავე მედიასაშუალების კიდევ ერთი თანამშრომლის, ოთარ ტატიშვილის ძმა ახლა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორია.
კომისიაში იქნებიან:
დავით მაღლაფერიძე - რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი;
მაკო ჯაოშვილი - მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
გოდერძი შარაშია - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი („იმედი“);
ნინო მეუნარგია - ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის „ჩვენ აქ ვართ“ წამყვანი და ავტორი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი („იმედი“);
ოთარ ტატიშვილი - კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი, ექიმი, პროფესორი („იმედი“);
ნინო კაკულია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ „თბილისის“ რედაქტორი, ჟურნალისტი;
გედევან ჯინჭარაძე - ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, ფოლკლორისტი;
მარიამ გვიდიანი - ა/ო „ქალების ხმა - დემოკრატია და უსაფრთხოება“ - აღმასრულებელი დირექტორი;
გივი აბესაძე - ფოლკლორული ანსამბლის - „დიდგორის“ სოლისტი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის შესარჩევი კომისიის წევრებზე საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები და სახალხო დამცველი უნდა შეთანხმდნენ. როგორც დღევანდელ, 22 მარტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატი არ წარადგინა.
სამეურვეო საბჭოს სულ 11 წევრი ჰყავს, თითოეული მათგანი 6 წლის ვადით აირჩევა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, კომისიის შერჩეული კანდიდატებიდან სამს – საპარლამენტო უმრავლესობა, სამს – საპარლამენტო ოპოზიცია, სამს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“), დანარჩენ ორს კი სახალხო დამცველის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი.
რადიო თავისუფლება
0
0