01/12/2021
15:37
მსოფლიო
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამას წინათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ თბილისი „კავკასიური ექვსეულის“ პროექტში მონაწილეობას არ მიიღებს. უარის მიზეზი ისაა, რომ „3+3“-ის ფორმატში რუსეთიც შედის, [რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს დაპყრობილი]. ქართველმა მინისტრმა წამოაყენა წინადადება, რომ „3+3“, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ჩაანაცვლოს პლატფორმამ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემადგენლობით, რომელსაც რეგიონული მნიშვნელობა ექნება და რომლის ჩარჩოებში მხოლოდ ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტები განხორციელდება.
გაზეთმა „კასპიიმ“ კითხვებით მიმართა აზერბაიჯანელ და უცხოელ ექსპერტებს თავიანთი აზრი გამოეხატათ „კავკასიური ექვსეულის“ მიმართ და განემარტათ, თუ რატომ აქვს საქართველოს ნეგატიურ პოზიცია „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით.
„ინიციატივა ინიციატივისათვის“
ვახტანგ მაისაია პოლიტიკური და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:
„საქართველოს უარის ძირითად მიზეზს პლატფორმაში რუსეთის მონაწილეობის ფაქტორი წარმოადგენს. თბილისს ანკარისა და მოსკოვის მჭიდრო მეგობრობა აშინებს. გარდა ამისა, თურქეთის მიერ შემოთავაზებულ პროექტში დასავლეთის სახელმწიფოები არ არიან და ამიტომ, ფორმატის რეალიზაციის დროს საქართველოს მარტო რჩება.
რაც შეეხება დავით ზალკალიანის წინადადებას, ის ნაჩქარევადაა მოფიქრებული პრინციპით „ინიციატივა ინიციატივისათვის“ და მას რაიმე ლოგიკური გაგრძელება არ ექნება - მით უმეტეს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს „3+3“ ფორმატი აწყობთ და მასში მონაწილეობას აპირებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს წინადადების პოტენციური მოწინააღმდეგეები იქნებიან თურქეთი და რუსეთი, რომლებიც არ დაუშვებენ კავკასიაში რომელიმე პროექტის რეალიზებას მათი მონაწილეობის გარეშე - როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის სფეროებში.
ლოგიკის არარსებობა
ენგინ ოზერი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი (თურქეთი):
„თბილისის უარი სრულიად გასაგებია. ჯერ ერთი, რომ 2008 წლიდან საქართველოსა და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვთ. მეორე - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ კურსი ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციისაკენ აიღო, „3+3“ კი მიმართულია კავკასიის რეგიონში დასავლეთის გავლენის შეზღუდვისაკენ. ამიტომაც არ თანხმდება თბილისი ამ ფორმატში მონაწილეობას.
რაც შეეხება თბილისის წინადადებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის თაობაზე. დიახ, თბილისი ბაქოსა და ერევანს შორის შუამავლობს. გარდა ამისა, ორივე მხარის კომუნიკაციები (სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან) საქართველოს ტერიტორიაზე გადის. შესაბამისად, საქართველო, ყოველგვარი ინიციატივების გარეშეც, სამხრეთ კავკასიის საკვანძო სახელმწიფოდ ითვლება... მაგრამ. ამის მიუხედავად, თბილისის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში ლოგიკას ვერ ვხედავ. ძირითად პრობლემას ამ სამი სახელმწიფოს გამაერთიანებელი იდეის უქონლობა წარმოადგენს. რეალურად შევხედოთ სიტუაციას: სომხეთი ОДКБ-ს (რუსული აბრევიატურით - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის) წევრია, საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვს, აზერბაიჯანი კი „მიუმხრობლობის მოძრაობაშია“ გაერთიანებული.
გასაგებია, რომ ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის გახსნის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და თბილისს აღარ ექნება სამხრეთკავკასიური ჰაბის როლის შესრულების შესაძლებლობა. ფაქტიურად, თბილისსა და ბაქოს შორის კონკურენცია ჩნდება. გარდა ამისა, ზანგეზურის დერეფნის გახსნის შემდეგ საქართველო დაკარგავს ფასს რუსეთის თვალშიც სომხეთთან დამაკავშირებელი რგოლის სახით - რუსეთიდან გაგზავნილ ტვირთს სომხეთი აზერბაიჯანის გავლით მიიღებს“.
ოცნებები და რეალობა
ტოფიკ აბასოვი, პოლიტოლოგი (აზერბაიჯანი):
„საქართველოს უარი ‘3+3’ ფორმატის მიმართ დაკავშირებულია არა მარტო რუსეთის ფაქტორთან, არამედ თბილისის მოლოდინთან ევროპული ტვირთების ინდოეთისაკენ და სპარსეთის ყურისაკენ გატარებაზე, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით. საქარტველო ელოლიავება ოცნებას, რომ ინდოეთის, ირანის, სომხეთის დახმარებით ახალი მარშრუტი შეიქმნება. ამას წინათ უკვე გაიმართა კონსულტაციები ირანიდან შავი ზღვისკენ ტვირთების ტრანზიტის თაობაზე, თუმცა სამთავრობო ჯგუფების შეხვედრები კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. მოკლედ, საქართველოს თავისი თვალსაზრისი აქვს რეგიონულ კომუნიკაციებზე. თბილისის დიდი ხანია ცდილობს, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს, რომელსაც ხელში მეზობლებზე გავლენის ბერკეტები ექნება.
მაგრამ, როგორც ცნობილია, ამ თვალსაზრისით სწორედ აზერბაიჯანი წარმოადგენს უპირატესი პოზიციების მქონე სახელმწიფოს. კაცმა რომ თქვას, საქართველო აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული, თბილისის დიდ დივიდენდებს სწორედ ჩვენთან პარტნიორობის შედეგად იღებს. შესაბამისად, „3+3“-ის ფორმატი საქართველოსთვის მიმზიდელი არ არის. თბილისი იმეორებს ერევნის ადრინდელ შეცდომას, როცა სომხეთი, ხატოვნად რომ ვთქვათ, „კონდუქტორზე გაჯავრებული, ფეხით სიარულს ამჯობინებდა“. ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოში ტურიზმი კრიზისშია, პანდემიამ ყველა გეგმა ჩაშალა, ეკონომიკა ძალიან ზიანდება. საბოლოო ჯამში კი იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიურად იმოქმედოს, თბილისი ობიექტური ტენდენციების წინააღმდეგ მიდის, სამომავლო ზარალის მიუხედავად“.
ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას
აზერბაიჯანი ყოველთვის რეალისტურად მოქმედებდა და ყველას აჩვენებდა თავის პოზიტიურ განწყობას თანამშრომლობაზე და არა მეტოქეობაზე. ამიტომაც მეჩვენება, რომ საქართველო ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებს. თბილისმა ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოს და გაითვალისწინოს თავისი პოზიციის შედეგები. ქვეყნის ჩაკეტვა მცირე პერიმეტრის მქონე სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის თანამშრომლობის ჩარჩოებში, არაშორსმჭვრეტელურია. საქართველოსთვის უფრო მომგებიანი იქნება, თუ მეზობლებისთვის თავისი საზღვაო პოსტებისა და კომუნიკაციების გახსნას დათანხმდება. ანუ თბილისმა უფრო საღი პოზიცია უნდა შეიმუშაოს.
0
0