
„როცა ნიკა კვეკვესკირი პენალტის ნიშნულთან მივიდა, მას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მთელი ქვეყანა მხარზე ტვირთად ეწვა. გაიტანდა და საქართველო ევრო 2024-ზე გავიდოდა, ვერ გაიტანდა და ეს ამ თაობის ქომაგების კიდევ ერთი გულისტკივილი იქნებოდა, რომელსაც უნდა შეგუებოდნენ. როცა ნახევარმცველმა გამორბენა დაიწყო, მწვრთნელის ასისტენტმა, დევიდ ვებმა სუნთქვა შეიკავა და გუნდთან ერთად ჩახუტებული იდგა. მთელი ქვეყანა უყურებდა ნიკა კვეკვესკირის ბურთთან მიახლოებას, სანამ მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყამდა“, - წერს CNN.
„სიჩუმის ჩამოვარდნას იგრძნობდი, შემდეგ კი, როცა ბურთი კარის კუთხეში მოათავსა, სტადიონი აფეთქდა“, - აღნიშნა CNN Sport-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტმა დევიდ ვებმა, პირველი დიდ ტურნირზე, რომელზეც საქართველო მოხვდა.
„სტაფი ტიროდა. მოთამაშეებიც ტიროდნენ. ფანებმა სტადიონი ააფეთქეს. საკმაოდ ემოციური იყო“, - აღნიშნა ვებმა.
გამარჯვების დარტყმამ სასიხარულო ემოციები გამოიწვია თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, სადაც გულშემატკივრები შეცვივდნენ, მოთამაშეები კი გასახდელში აღნიშნავდნენ.
ვები იღიმის, როცა მარტის ამ ქაოტურ სცენებს იხსენებს და სიცილით ცდილობს ასევე იმის გახსენებას, რომელ სიმღერებს მღეროდნენ ფეხბურთელები, როცა მთელი ღამის განმავლობაში ამას აღნიშნავდნენ.
ფეხბურთით შეშლილ ქვეყანაში მღელვარება გავრცელდა და ეს გერმანიაში, 14 ივნისს, ტურნირის დაწყებამდეც გაგრძელდა.
ვებისთვის, ეს იყო მომენტი, რომელიც არასდროს დაავიწყდება და სიურრეალისტური შედეგი აგრძელებს ისეთი მოგონებების შექმნას, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება - ის ახლა საპატიო ქართული პასპორტის მიღების პროცესშია.
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების დახმარება ვების ჰაილაითია მის უნიკალურ სამწვრთნელო კარიერაში.
ფეხბურთის ყურება „საჭადრაკო დაფაზე“
იმის გაანალიზების შედეგად, რომ არ იყო საკმარისად კარგი მოთამაშე, ტოპ-დონის ფეხბურთელი ყოფილიყო, ინგლისელი მალევე მწვრთნელი გახდა და შთაბეჭდილება სხვადასხვა როლში ყოფნის დროს მოახდინა - ის პროფესიონალური ინგლისური კლუბების ახალგაზრდების მწვრთნელი და რეკრუიტერი იყო.
ვებს ყოველთვის თამაშის ფსიქოლოგიური მხარე ხიბლავდა. ეს არის უნარი, რომლის საშუალებითაც ახერხებდა, რომ პოტენციალი შეემჩნია ისეთ ფეხბურთელებში, რომლებშიც სხვები ამას ვერ ახერხებდნენ.
„ნებისმიერს შეუძლია საუკეთესო მოთამაშეების აყვანა. მე ყოველთვის მსურდა უფრო შორს გამეხედა. რა ამოძრავებთ მოთამაშეებს და რა იწვევს მათ განვითარებას“, - აღნიშნა მან.
ვები მსოფლიოს სხვა ბევრი მწვრთნელისგან განსხვავებულია. ის წყნარად, მოკრძალებულად საუბრობს და არ გამოირჩევა ჩვეულებრივი ბრაზით, რაც სპორტში გავრცელებულია.
იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკებს და სტატისტიკებს დააკვირდეს - ელემენტებს, რომლებიც ძველებურად მნიშვნელოვანია მისი ფილოსოფიისთვის - ის უფრო მეტად დაინტერესებულია მოთამაშეებთან ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებასა და მათთვის გაბრწყინებისთვის საჭირო პირობების შექმნაში.
„ადამიანების მიმართ თავისებური შეგრძნება და მიჯაჭვულობა მქონდა და ჩემთვის ყოველთვის მარტივი იყო ფეხბურთის ყურება“, - აცხადებს ვები.
„მატჩებს, როგორც საჭადრაკო დაფას, ისე ვუყურებდი, თითქოს, ვერტმფრენიდან გადმოვყურებდი. ადამიანებზე თავისებური შეგრძნება და ინტუიცია მქონდა. როგორღაც, აღმოვაჩინე, რომ წლების განმავლობაში ეს გამომდიოდა, განსაკუთრებით, მაშინ, როცა საქმე ფეხბურთს და ტალანტების მოძიებას ეხებოდა“, - აღნიშნა მან.
ვებმა გადაწყვიტა, რომ ეს მისი უნარი განევითარებინა და სპორტის ფსიქოლოგიაში მაგისტრატურა გაიარა. ის ამბობს, რომ ფეხბურთის ადამიანური მხარის გაგება დამატებით უპირატესობას აძლევს მას სამწვრთნელო კარიერაში.
ამის შემდეგ, როცა იორკ სიტიში წარუმატებელი პერიოდი 2023 წელს დასრულდა, ვებმა შანსი დიდ მოედანზე მიიღო.
შემთხვევით, ვები, 2014 წელს საფრანგეთში სკაუტის მოვალეობების შესრულების დროს, ცოტა ხნით საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ვილი სანიოლის შეხვდა.
მათ საერთო ენა გამონახეს და წლების განმავლობაში ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, სანიოლი კი გაოცებული იყო იმით, თუ როგორ განსხვავებულად ხედავს თამაშს ვები.
როცა სანიოლი 2021 წელს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, ვებს შესთავაზეს, რომ მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტი გამხდარიყო.
ევრო 2024-ის ემოციური კამპანია
ეს იყო შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვებაც ვებს არ შეეძლო, შანსი, რომ ემუშავა შესანიშნავ თაობასთან, რომლებიც ევრო 2024-ზე კვალიფიკაციას გულით ელოდებოდნენ. მას მოთამაშეების გაწვრთნასთან ერთად, მათი გონებრივი გაძლიერებაც დაავალეს.
პირველ რიგში, მან ყველა მოთამაშესთან ერთი ერთზე ინტერვიუები მოაწყო, რომ მათი პერსონალური თავგადასავლის შესახებ გაეგო და რა სჭირდებოდათ, რომ პოტენციალი მაქსიმალურად გამოემჟღავნებინათ.
მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი მოთამაშე ამ არაფორმალური საუბრის დროს ემოციური გახდა, რადგან, მადლიერები იყვნენ, რომ შესაძლებლობა მიეცათ, მათი სპორტული ცხოვრების შესახებ ელაპარაკათ, სადაც, ხშირ შემთხვევაში, მათ როგორც ციფრებს ისე ექცევიან, ვიდრე როგორც ადამიანებს.
ვებმა თავისი სამუშაო მინდორზე გააგრძელა, ის ეძებდა მოთამაშეებს, რომლებსაც ჰქონდათ ისეთი ხასიათი და თვისებები, რომ გუნდს დიდ ტურნირზე გასვლაში დაეხმარებოდნენ.
ის აღნიშნავს, რომ გაოცებული იყო იმით, რაც მან ამ ადრეულ სესიებზე შეამჩნია და დაიწყო უფრო მეტად შეცნობა იმ კულტურისა და ხალხის, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენდა.
„საოცრად უნიკალური იყო. ყველა მოთამაშე ერთმანეთს ჰგავდა, ყველანი ერთნაირები იყვნენ, სტაფიც კი. ძალიან თავმდაბლები არიან, ვნებიანები და ასევე ძალიან სენსიტიურები. საკმაოდ ემოციურია, მაგრამ როგორი სიამაყეა მათი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“, - განაცხადა ვებმა.
მოთამაშეების უკეთ გაცნობის შემდეგ, ვებმა თამაშის მენტალურ ასპექტზე მუშაობა გააგრძელა, რაც, შესაძლოა, საიდუმლო იარაღი იყო საბერძნეთთან მოგებული პენალტების სერიის დროს.
ვები ამბობს, რომ პლეიოფის დაწყებამდე, რომელშიც საქართველომ ლუქსემბურგი დაამარცხა ნახევარფინალში, სანამ ევრო 2004 წლის გამარჯვებულ საბერძნეთს არ გამოაგდებდა, გუნდი სპეციალურად პენალტის ნიშნულთან მისვლაში ვარჯიშობდა.
ეს რამდენიმე წამი ფეხბურთში ან მოთამაშედ გაქცევს ან გაგტეხს და ვებს სჯერა, რომ რაც უფრო მეტს ივარჯიშებ, უფრო მარტივი იქნება.
პლეიოფის შეხვედრებამდე, ვებმა, ასევე, პრეზენტაცია გამართა მთელ გუნდთან კონცენტრაციის შესახებ. ამან სხვა სპორტის ელიტური ათლეტების ინსპირაცია გამოიწვია, ისევე როგორც, ეროვნული გუნდის საკუთარი თავგადასავალი.
„ამის წარდგენა ძალიან კარგი იყო, დაინახავდი, მოთამაშეების სახეებს და მათ ცრემლებს“, - ამბობს ვები.
„გვინდა და მაქსიმუმი მივიღოთ. ვფიქრობთ, რომ ჯგუფში ბრძოლის შანსი გვაქვს, რომ შემდეგ რაუნდში გავიდეთ. ჩვენ არ მივდივართ იქ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად“, - დასძენს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტი.
შეგახსენებთ, საქართველო - თურქეთის თამაში დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
0
0