
საკანონმდებლო ორგანოში დღეს, სესიაზე, გრანტების კანონზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება, თანხმობის გარეშე გრანტის მიღებისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა.
ინიციატივის მიხედვით, მთავრობას, თანხმობის გასაცემად, ათდღიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ეს მის მოქმედებას არ გააჩერებს.
კანონი ადგენს გამონაკლისსაც - ეს არის სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროები. ასევე, წესი არ გავრცელდება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ცვლილებები ფასადურია და არასამთავრობო სექტორის მუშაობას შეზღუდავს. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს.
"თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაა. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი უცხოური დაფინანსება შემოდიოდეს ქვეყანაში კანონიერად, ხმარდებოდეს კანონიერ და იმ მიზნებს, რომელიც აქვთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და, ბუნებრივია, ნებისმიერი დონორის ნებისმიერი გრანტი და მიმღები იქნება ჩვენთვის კანონის მიხედვით მისაღები, როცა გვეცოდინება, რა წარმომავლობის არის ეს გრანტი, რა მიზნებს ხმარდება და რამდენად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს“, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.
0
0