13/06/2023
13:24
პოლიტიკა
გვინდა, ევროკომისიამ ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია, ემხრობა, თუ არ ემხრობა პერსონალიზებულ მიდგომას, როგორც კი იტყვის, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა, 12 პუნქტიდან ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის წინააღმდეგობაა.
„დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, ძალიან მარტივად არის საქმე. არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის. ერთმანეთში თუ შეთანხმდებიან, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია. დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია – მეორეს. კერძოდ, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერონალიზებული მიდგომა და რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. ევროკომისია ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ, ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე. თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ეს ნიშნავს, რომ არიან ოლიგარქები და ეს ოლიგარქები აღარ უნდა იყვნენ ოლიგარქები. ამიტომ, გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა. ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას.
ევროკომისია როგორც კი დაეთანხმება ვენეციის კომისიას, მისი 12 პუნქტიდან ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგაქრიზაციის შესახებ, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისთვის ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედების ვადას პირველ მარტამდე. ევროკომისია თუ გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში, თებერვალში გაუქმდება ჩვენ მიერ მიღებული კანონი, მაგრამ ევროკომისია თუ არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ამ შეთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის ამოქმედება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, პერსონალიზებული მიდგომა მიმართულია პერსონალიზებული კუთხით კონკრეტული ადამიანებისკენ.
„ვენეციის კომისია ამბობს, რომ სისტემური მიდგომა ნიშნავს ამა და ამ რეფორმის განხორციელებას. მაშინ, ევროკომისიამ გაიზიაროს ვენეციის კომისიის მიდგომა, ამოიღოს სიტყვა დეოლიგარქიზაცია და თქვას, რომ საჭიროა ამა და ამ სფეროში რეფორმების განხორციელება. შიდაწინააღმდეგობა აქვთ. მოკლედ, ჩვენ გვინდა სიცხადე. გვინდა, რომ ევროკომისიამ ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია, ემხრობა, თუ არ ემხრობა პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი იტყვის, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა, შესაბამისად, ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ თავის 12 პუნქტიდან, მაშინვე ჩვენ თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს.
ერთადერთი საკითხი რჩება გასარკვევი, ევროკომისია ინარჩუნებს თუ არ ინარჩუნებს 12 პუნქტში პერსონალიზებულ მიდგომას. ერთი პრობლემა რაც არის, უკრაინაში ამ მიდგომამ პრობლემები გამოავლინა. უკრაინაში ეს კანონი ამოქმედებამდეც კი, გამოყენებული იქნა ბიზნესზე ზეწოლისთვის, სახელმწიფოზე ტელევიზიები გადააფორმეს და ასე შემდეგ.
ჩვენ დავპირდით ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, რომ როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი, რა თქმა უნდა, უკრაინული მიდგომით საქართველოში ეს კანონი არასოდეს ამოქმედდება. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ასეთი მიდგომები, რაც ვიხილეთ უკრაინაში ცოტა ხნის წინ. 2012 წელს ხდებოდა საქართველოში ბიზნესზე ზეწოლა, ტელევიზიების, ბიზნესების გადაფორმება, იგივე მოხდა შარშან უკრაინაში, თუმცა, დავპირდით ჩვენ ვენეციის კომისიის ექსპერტებს, რომ საქართველოში არც ერთ შემთხვევაში, ასეთი სახით ეს კანონი არ ამოქმედდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0