
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები“, ასევე, რარიტეტული წიგნების და ცნობილი უცხოელი ქართველოლოგების ნაშრომების გამოფენა გაიმართა.
ქართველმა მეცნიერებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად ქართული ენის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მისი განვითარების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართული ენისადმი მიძღვნილი აქტუალური საკითხები. მათ შორის ქართული ენის ფუნქციონირება და მისი სტანდარტიზაციის პროცესი, ქართული ტერმინთბანკის ტექნიკური ამოცანები და სამეცნიერო მიზნები, ქართული ენის ციფრული სწავლების მნიშვნელობა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მოდელი, საზოგადოების დამოკიდებულება სალიტერატურო ენის ნორმებისადმი, იურიდიული ენის სტანდარტიზაციის პრობლემები თანმიმდევრული თარგმნის კონტექსტში სხვადასხვა ენის მაგალითზე, სოციალური ქსელების ენის თავისებურებანი და ძირითადი ტენდენციები და სხვა.
„14 აპრილი არის უმნიშვნელოვანესი დღე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ. სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებული პროტესტის შემდგომ გახდა იძულებული საბჭოთა ტოტალიტარული ხელისუფლება, რომ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების კონსტიტუციებში ასახულიყო ჩანაწერი, რომ ყველა ამ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა ყოფილიყო მშობლიური ენა. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება ქართული ენის თანამედროვე გამოწვევებს. ენა არის ცოცხალი ორგანიზმი და მას ყოველთვის სჭირდება დაცვა და განვითარება და მასზე მუშაობა სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში უნდა მიმდინარეობდეს. სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობენ დღეს ქართველი მეცნიერები უცხოელ კოლეგებთან ერთად“, -განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძის თქმით, კონფერენციაზე წარმოდგენილი თეზისები ქართული სალიტერატურო ენის, მისი ისტორიის, დღევანდელობის და ხვალინდელი დღის განსაზღვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „14 აპრილი ჩვენი თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი იყო. ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი. დღეს კი ჩვენ გვჭირდება ქართული ენის დაცვა სხვა კუთხით, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ქართული ენის განვითარებაზე და მისი ფუნქციონირების არეალის გაფართოებაზე“ - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - 1629 წელს რომში დაბეჭდილი ქართული ანბანი ლოცვებითურთ, რომელშიც პირველი შვიდი გვერდი უკავია მხედრულ ანბანს, დანარჩენ გვერდებზე ლოცვები, ღვთისმშობლის საგალობელი, მრწამსი და ათი მცნება ქართულად და ლათინურ ენაზე ქართული ტრანსკრიფციით. ასევე, 1670 წელს რომში გამოცემული ფრანცისკო მარია მაჯიოს „ქართული ენის გრამატიკა“, რომელშიც გამოქვეყნებულია ქართული დამწერლობის სამივე სახე, ქართული ანბანი რიცხობრივი შესატყვისებით, ქართული სიტყვები და ფრაზები, არაბულ-ქართული ანბანი.
ექსპოზიციაში, რომელიც თსუ ბიბლიოთეკამ მოაწყო, ასევე, წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პირველი გამოცემა. „დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის“ 1876 წელს დაიბეჭდა თბილისში „მელიქიშვილის და კამპანიის სტამბაში“.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.
0
0