15/08/2022
12:25
სამართალი
პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების – გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება და აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალდობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება.
განსახორციელებელი ცვლილებების ინიციატივა პროკურატურას ეკუთვნის და აღნიშნული პროექტი პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს მიერ იქნა მხარდაჭერილი.
ღონისძიება გახსნეს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში ლენა ოუენსმა.
გენერალურმა პროკურორმა ახალი აღკვეთის ღონისძიების შემოტანის მიზანზე და იმ შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში ამოქმედების შემდგომ იქნება მიღწეული.
ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტს და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის მხარდაჭერისთვის და კანონპროექტის დამუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აღნიშნული ღონისძიების და აშშ-ში სასწავლო ვიზიტის ორგანიზებისთვის, რომლის ფარგლებშიც პროკურატურას მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა აშშ-ში ელექტრონული მონიტორინგის კუთხით ბრალდებულების ქცევის კონტროლს. ირაკლი შოთაძის თქმით, აღნიშნული გამოცდილება პროკურატურას საკანონმდებლო ინიციატივის ფორმირებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზენტაციები გამართეს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების მიზანია საპროცესო კოდექსში გაჩნდეს არსებული აღკვეთის ღონისძიებების დამატებითი ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის სრული იზოლაციის გარეშე იქნეს მიღწეული აღკვეთის ღონისძიების მიზნები, თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები, შემცირდეს პატიმრობის გამოყენების შემთხვევები, დაიზოგოს პირის საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებული სახელმწიფო რესურსი.
ახალი აღკვეთის ღონისძიების შემოტანით, მოხდება აღკვეთის ღონისძიების მიზნების ეფექტიანად შესრულება საზოგადოებისგან ბრალდებულების სრული იზოლაციის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბრალდებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. კერძოდ, აღნიშნული ბრალდებულს შესაძლებლობას მისცემს დარჩეს ოჯახთან, შეინარჩუნოს სოციალური ურთიერთობები, ზოგიერთ შემთხვევაში შეინარჩუნოს სამსახური, განაგრძოს სწავლის პროცესი და სხვა.
საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, რაშიც კვალიფიციური საპროკურორო ზედამხედველობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გარდა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების დახვეწა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამ მიზნით, დაინერგება ელექტრონული ზედამხედველობა, რომლის ფარგლებშიც, ამ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების მიმართ, რომელთაც შეფარდებული აქვთ არასაპატიმრო ღონისძიება, 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება.
არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვა შექმნის ბრალდებულის დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის კონტროლის ეფექტიან მექანიზმს, რაც დაზარალებულებს შეუქმნის დაცვის მეტ გარანტიებს და ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკებს შეამცირებს.
საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას პროკურატურის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის განხილვა, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო ფართო საზოგადოების ჩართულობით გაგრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
0
0