26/01/2025
18:39
პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 27 იანვრის სხდომაზე ირაკლი ბერაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და კომიტეტის დასკვნას, გადაწყვეტილების მისაღებად, საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე წარადგენს.
ბერაია, რომელიც „ხალხის ძალის“ წევრია, იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე დანიშნა. პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლებით ირაკლი ბერაიამ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა, რის გამოც, მას მანდატი უნდა შეუწყდეს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით სამი პოლიტიკური სუბიექტის: - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლების წერილობითი განცხადებებია შესული. მათი განცხადებები გასული წლის ნოემბერში შევიდა, თუმცა საკითხის განხილვა და სესიაზე გატანა საპროცედურო კომიტეტის დღის წესრიგში არ დგას.
როგორც ამ თემაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, „აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი მაშინ იმსჯელებს, როცა საჭიროდ ჩათვლის“.
დეპუტატისთვის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადებს თავად კანონი ადგენს - რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება, ის ამ განცხადებას დაუყოვნებლივ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს, ხოლო კომიტეტი არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამის დასკვნას ამზადებს. ამის შემდეგ საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოესს პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს და პარლამენტი ვალდებულია უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტმა დეკემბრის თვეში სადეპუტატო უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელს შეუწყვიტა. მათ შორის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს შეუწყდათ, თუმცა ამ დრომდე ოპოზიციის განცხადებები განხილვის საგანი არ გამხდარა.
0
0