28/04/2022
15:22
პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტი ყოველთვის მიესალმება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც თავის სახლს. ამის შესახებ რობერტა მეცოლამ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად.
მას ჰკითხეს, რა გზავნილი ექნება ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოელის ივნისში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მეცოლას თქმით, ევროპარლამენტი მიესალმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ გაკეთებულ განაცხადებს.
„ეს პარლამენტი ყოველთვის მიესალმება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ევროპას თავის სახლად მიიჩნევს. ჩვენ ვიყავით ის ინსტიტუცია, რომელიც მიესალმა სამივე ქვეყნის განაცხადებს. ... ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ქართველ პარტნიორებთან და, ასევე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენ მზად ვიყოთ ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად და ამ პარლამენტს ამისგან უკან არასოდეს დაუხევია”, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.
ამავე კითხვის პასუხად ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნატო განიხილავს, რით შეუძლია ალიანსს დაეხმაროს საქართველოსა და მოლდოვას და ამ თვალსაზრისით საუბარია პრაქტიკულ და პოლიტიკურ დახმარებაზე.
„უკრაინაში სასტიკმა შეჭრამ გვაჩვენა იმის საჭიროება, რომ ნატო დაეხმაროს ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც არც ნატოს წევრები არიან და არც ევროკავშირისა - როგორებიცაა მოლდოვა და საქართველო. ლაპარაკია პრაქტიკულ დახმარებაზე, ლაპარაკია პოლიტიკურ დახმარებაზე. საქართველო ძალიან ძვირფასი პარტნიორია და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან. ჩვენ შევისწავლით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა კიდევ უფრო დავახლოვდეთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთი ნაწილიდან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
11 აპრილს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გადასცა.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
მოლდოვამ და უკრაინამ უკვე დააბრუნეს შევსებული კითხვარები.
0
0