„საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე საუბრისას აცხადებს, რომ არცერთ მოდელს, რომელიც საქართველოს მმართველობაში უცხოელების ჩარევას ითვალისწინებს, მისი გუნდი მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ მან თეონა გეგელიასთან ინტერვიუში განაცხადა. გეგელიამ მას ჰკითხა, რა გეგმა აქვთ სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, როცა არასამთავრობოთა მიერ წარმოდგენილ პროექტში რეფორმა უცხოელების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.
„არცერთ მოდელს, რომელიც არაკონსტიტუციურია ან რაიმე სახით საქართველოს მმართველობაში უცხოელების ჩარევას ითვალისწინებს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ექსპერტული, რომ მსგავსი სისტემური რეფორმები თავად განახორციელოს. ეს სახელმწიფოს სუვერენული უფლება კი არა, ვალდებულებაა.
მიუხედავად იმ მძიმე მდგომარეობისა, რომელიც ჩვენ გვაქვს, სასამართლო სისტემაში ჯერ კიდევ მოიძებნებიან კეთილსინდისიერი, მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც გახარია ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად მოკლეს ბოლო შესაძლებლობა იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა შიგნიდან გაჯანსაღებულიყო. ამასთან, გახარიას თქმით, აუცილებელია იმ ადამიანების გაშვება სასამართლო სისტემიდან, რომლებიც გავლენიან ჯგუფს წარმოადგენენ.
„ეს არის პირველი ნაბიჯი, საიდანაც ყველაფერი უნდა დაიწყოს. ეს დღესაც შესაძლებელია მარტივად – ეს ადამიანები, ვისზეც არის საუბარი, სანქცირებული არიან კორუფციაში ბრალდებით. არ შეიძლება, ამ ადამიანების ცოდვები გადავანაწილოთ იმ კეთილსინდისიერ მოსამართლეებზე, რომლებიც სისტემაში კიდევ არიან დარჩენილი და ისინი ყველა გავატაროთ იმ წმენდის, გამოცდების და ტესტირებების [ქვეშ], რასაც შეიძლება ბევრი მათგანი არ იმსახურებდეს. მაშინ, როცა ამ გავლენის ჯგუფებზე პირდაპირ გვაქვს შესაძლებლობა, რადგან ეს ხალხი სანქცირებულია კორუფციაში ბრალდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს.
0
0