03/11/2021
17:34
სამართალი
მეგის ქარდავამ აღნიშნა, რომ არ ენდობა სასამართლოს.
„მე, ჩემი ძმა და მეგობრები ვიცავდით საქართველოს უსაფრთხოებასა და კანონიერებას. სწორედ ასეთი საქმეების საფუძველზე გათავისუფლდა ათასობით ღირსეული, როგორც ოფიცერი ისე სხვა საჯარო მოხელე, რამაც გამოიწვია ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა. განსაკუთრებით კი, სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, რისი შედეგიც არის არა მხოლოდ კვარაცხელია, ოთხოზორიას სიკვდილი, არამედ ათასობით ადამიანის სიკვდილი, დაყაჩაღება, გატაცება-ფულის გამოძალვის მიზნით, წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც დღესაც მიმდინარეობს.
მაგრამ ყოველივე ამის პრევენციის არანაირი პოლიტიკური ნება არ არსებობს, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება და დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც იცავდნენ საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს ყოველივე არის პოლიტიკურად მოტივირებული და ეს საქმეები არაფრით განსხვავდება გასული საუკუნის 50-იანი წლების ე.წ. მეგრელთა საქმისგან. როგორც იქ, აქაც ყველა მტკიცებულება არის გაყალბებული. ჩვენებები მიღებულია შურისძიების, პირადი მოტივის, შანტაჟის, ფიზიკური ძალადობის, წამების და არაადამიანური მოპყრობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან როგორც იქ, აქაც სასამართლოს შემადგენლობა არაფრით განსხვავდება, რაც მაშინ იყო; მე პირადული ამასთან არაფერი მაქვს, მაგრამ სასამართლო ჯგუფი რაც არსებობს საქართველოში, წაბილწულია. აქედან გამომდინარე, ვინაიდან და რადგანაც ადამიანის ნდობა და იმედი არ გამაჩნია იმისა, რომ აქ აღსრულდება მართლმსაჯულება და დადგება ჭეშმარიტი და ობიექტური განაჩენი, ამიტომ მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს.
მე ვიცი, მჯერა, რომ დადგება საქართველოში დრო და ის ადამიანები, ვინც ჩემი ძმის, ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ დევნაში და იყვნენ მათი შემკვეთები, შემსრულებლები, წარდგებიან არა ჩინჩალაძე-მურუსიძის კონტროლირებად სასამართლოში, არამედ ქართველი ხალხის სამსჯავროზე და ვერ გაიპარებიან ვერც მოსკოვში, ვერ პარიზში, ვერც მილანში, ვერც ნიუ იორკში თუნდაც“, – თქვა მეგის ქარდავამ.
მეგის ქარდავას მიერ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, პროცესი გაგრძელდა.
ბრალდების მხარის ცნობით, 2011 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მაშინდელმა მოადგილე მეგის ქარდავამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძესთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილედ დასახელების მოთხოვნით აწამა ტერორისტული აქტის მომზადებისა და ჩადენის ბრალდებით დაპატიმრებული ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია, კერძოდ, რამოდენიმე საათის განმავლობაში სცემდა მათ, აწამებდა ხელკეტებისა და ელექტროშოკის გამოყენებით.
მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს განხორციელდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, ექვს საქმეზე კი, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მეგის ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი ნავთლუღის სპეცოპერაციის, „ციხის ბუნტის“, სერგო თეთრაძის და ე.წ. კასრების საქმეებზე.
0
0