
ეროვნული ბანკის ცნობით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 3.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასების საერთო დონემ 1.1%-ით მოიმატა, ინფლაცია კი სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება.
სებ-ის განმარტებით, ინფლაციის ზომიერი მატება მეტწილად სურსათს უკავშირდება. კერძოდ, გასულ თვეს პურის გაძვირებამ სურსათის ინფლაცია გაზარდა. ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი საკვები სურსათის ფასები ადგილობრივ ბაზარს გარკვეულწილად გადმოეცა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.4% შეადგინა.
„მარტში, გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი პურის 7.2%-იანი გაძვირება იყო. ამან თვის ინფლაციაზე 0.3 პროცენიანი გავლენა იქონია. აღსანიშნავია კარტოფილის და შოკოლადის გაძვირება, რომელთა ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.2 პროცენტული პუნქტი იყო. წლიურ ჭრილში, როგორც აღვნიშნეთ, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის 6.2%-იანი გაძვირება მოქმედებდა, რამაც ინფლაცია 2.0 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სურსათიდან გამოსარჩევი ზეთის, პურის და მწვანილის გაძვირება იყო (ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.8 პროცენტული პუნქტი). ინფლაციის შემცირებაზე მოქმედი პროდუქტებიდან გამოსარჩევი ინტერნეტის (-0.4 პპ) და ვაშლის (-0.1 პპ) გაიაფებაა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
რაც შეეხება ადგილობრივ ინფლაციას, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ადგილობრივად და შერეულად ნაწარმოები პროდუქტების ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით წლიურად მოიმატა და შესაბამისად, 4.0% და 5.7% შეადგინა.
ადგილობრივი ინფლაციის მატება მეტწილად პურის გაძვირებას უკავშირდება. ხოლო მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივი ინფლაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, სტაბილურია და მარტში 2.4%-ს გაუტოლდა. შერეული ინფლაციის მატება კი ზეთის, კარტოფილის და შოკოლადის გაძვირებას უკავშირდება. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და კვლავ დაბალ დონეზე 0.2%-ზე ნარჩუნდება.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025