22/02/2022
16:33
პოლიტიკა
მომხსენებლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძის ინფორმაციით, კანონპროექტით ახალი დაცული ტერიტორია - „მაჭახლის დაცული ლანდშაფტი“ იქმნება.
„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა დავით გაბაიძემ კანონპროექტის ძირითად პრინციპებსა და დებულებებზე საუბრისას.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის სამართლებრივად არსებობისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნას.
როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მხარი დაუჭირა ახალ ინიციატივას და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით დააფინანსა ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების მხარდამჭერი პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ხეობის იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის ეროვნული პარკის შემადგენლობაში.
„საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა (GEF/UNDP) ახორციელებს პროექტს „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა”. პროექტის მიზანია შეიქმნას დაცული ტერიტორიების რეგიონული კომპლექსი დასავლეთ საქართველოს მცირე კავკასიონის ქედის საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ზომიერად ნოტიო კოლხური ტყეების დაცვისა და გონივრულად სარგებლობის მიზნით. ამ პროექტის ნაწილს წარმოადგენს სწორედ მაჭახლის დაცული ლანდშაფტი“, - განაცხადა მომხსენებელმა.
ახალი დაცული ტერიტორიის მართვას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მისი მართვის ქვეშ არსებული დაცული ლანდშაფტის მართვის ფარგლებში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ კონკრეტულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენას.
დავით გაბაიძის ინფორმაციით, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა არ გამოიწვევს ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას. ამასთანავე, კანონპროექტი თანხვედრაშია იმ ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველოს გააჩნია „ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის“ (IUCN) მიმართ, როგორც მის წევრ ქვეყანას 2009 წლიდან. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორივე კომიტეტმა, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა კანონპროექტების: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
0
0