15/03/2023
15:22
პოლიტიკა
საქართველოში არასამთავრობო სექტორი გაერთიანდა და მიაღწია ინიციატივის გაუქმებას, ბრალი დასდო საქართველოს სახელმწიფოს ბნელი, ავტორიტარული მიმართულებით სვლაში იმის გამო, რომ განიხილავდა კანონებს, რომელთა მსგავსი არსებობს რუსეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში 1938 წლიდან და შესაძლოა, მალე ევროკავშირშიც გაჩნდეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიკ ვოლასმა საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.
ევროპარლამენტარი შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
ევროპარლამენტარის თქმით, „ის ფაქტი, რომ კანონის დაგმობა მოხდა ევროკავშირის და სხვების მხრიდან, უკიდურესი ფარისევლობაა“.
„საქართველომ, ისევე როგორც ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის მრავალმა სხვა ქვეყანამ, ვერ მიაღწია წარმატებას მტაცებლური ფინანსური კაპიტალიზმის, გამანადგურებელი ეკონომიური რეფორმებისა და სახელმწიფოს გამოცარიელების პირობებში. არასამთავრობო სექტორმა ამოავსო ეს სიცარიელე და მთელი საშუალო კლასი ახლა დამოკიდებულია ამ სექტორსა და უცხოურ დაფინანსებაზე. თავდაპირველი უკმაყოფილება ამ კანონთან დაკავშირებით უკავშირდებოდა იმას, რომ ხალხის შემოსავალი საფრთხეში აღმოჩნდა და არა იმას, რომ ის იყო პრო ან ანტირუსული, ან დასავლური. არასამთავრობო სექტორი გაერთიანდა და მიაღწია ინიციატივის გაუქმებას და აშკარად ბრალი დასდო საქართველოს სახელმწიფოს ბნელი, ავტორიტარული მიმართულებით სვლაში იმის გამო, რომ განიხილავდა კანონებს, რომელთა მსგავსი არსებობს რუსეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში 1938 წლიდან და შესაძლოა, მალე ევროკავშირშიც გაჩნდეს. ის რომ, ამ კანონის დაგმობა მოხდა ევროკავშირის და სხვების მხრიდან, ვისაც ან მიღებული აქვს, ან სიხარულით მიიღებდა ანალოგიურ ზომებს, არის უკიდურესი ფარისევლობა. დიდ იმედგაცრუებას იწვევს, რომ ეს გამოიყენეს დაძაბულობის გაჩაღებისთვის საქართველოში, რომელსაც პოტენციურად შეუძლია თავის საზღვრებზე გაყინული კონფლიქტის განახლება“, – განაცხადა ვოლასმა.
0
0