
სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ფრენები არ არის, ჩვენ კი ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს - ამ ფრენებით ისარგებლა დაახლოებით, 3 ათასამდე ადამიანმა, რომლებიც ისრაელიდან საქართველოში ჩამოფრინდნენ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ისრაელში მყოფ მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა და მათ როგორც ადგილზე პრობლემის მოგვარებაში, ისე ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში.
“ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენს საელჩოს რამდენიმე ცხელი ხაზი აქვს გახსნილი. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოქალაქეებთან. დღეს, მაგალითად, 4 ფრენაა დაგეგმილი და სწორედ ამ კომერციული ფრენებით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. მესმის, რომ შეიძლება ერთდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ერთ კონკრეტულ ფრენაზე ბილეთის შეძენა, მაგრამ ფრენები არის. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებსა და ავიაკომპანიებს შორის ბარიერები არ იყოს და მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეიძინონ ბილეთები. ვაგრძელებთ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროებითაც უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს თუ გამოუვალ მდგომარეობაში არიან”,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ ისრაელში ოჯახთან ერთად მყოფი ზოგიერთი მოქალაქე ფინანსური შესაძლებლობის გამო ბილეთებს ვერ ყიდულობს, დარჩიაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეების მხრიდან თხოვნა ძირითადად იმას ეხება, რომ ბილეთები კონკრეტულ, სასურველ რეისზე შეიძინონ.
0
0