03/12/2021
14:41
ეკონომიკა
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იოსებ არჩვაძე განაცხადა, რომ ბიზნეს-სექტორის გამოშვება წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით გაიზარდა 29.0 პროცენტით, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 17.7 პროცენტით. რეალურ განზომილებაში (ფასების ფაქტორის გამორიცხვით) გასულ წელთან შედარებით ბიზნეს-სექტორის ბრუნვის ზრდამ 23 პროცენტი, ხოლო ბიზნეს-გამოშვების ზრდამ - თითქმის 15 პროცენტი შეადგინა. მისი თქმით, წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ყოველთვიურად ბიზნეს-სექტორის ბრუნვა საქართველოს მოსახლეობის ყოველ ერთ სულზე გაანგარიშებით, ათასი ლარით, ხოლო გამოშვება - 300 ლარით მეტი იყო.
იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, ბიზნეს-სექტორის ბრუნვა და გამოშვება გაიზარდა ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად ყველა სფეროში. ამასთან, სამუშაო ადგილების რაოდენობამ მოიმატა 5.0%-ით (32.5 ათასით) და 678.0 ათასი შეადგინა. ამჟამად ბიზნეს-სექტორზე მოდის ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა 52.9% - 2.0 პუნქტით მეტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გასულ წელთან შედარებით ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხოვნობის მატება მთლიანად მიღწეულია ბიზნეს-სექტორში დასაქმების ზრდის ხარჯზე. მისი თქმით, საშუალო ხელფასი ბიზნეს-სექტორში 1455.5 ლარია, რაც ეროვნული მეურნეობის დანარჩენ დარგების მაჩვენებელს დაახლოებით 17%-ით აღემატება. „ბიზნეს-სექტორის წარმატებული განვითარება ადეკვატურად აისახება ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში მისი შეტანილი წვლილის ზრდასა და ადგილობრივი ექსპორტის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიაში. 2021 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის თანაფარდობამ ბიზნეს-სექტორის გამოშვებასთან 17.2% შეადგინა, რაც, მიუხედავად ეროვნული ვალუტის რამდენადმე გაუფასურებისა, აღემატებოდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,“ - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ბიზნეს-სექტორის აღნიშნული მაღალი ტემპებით ზრდა, მისი როლისა და წონის მატება ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებულთა მზარდ ანაზღაურებაში მიღწეულია ქვეყანაში სამეწარმეო და ბიზნეს-გარემოს თანმიმდევრული გაუმჯობესებით, ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით, მათ შორის ბიზნესის სფეროში დასაქმებულთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით, მთლიანობაში, ბიზნესის მხარდამჭერი, ამ უკანასკნელის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისაკენ მიმართული კომპლექსური და თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებით.
0
0