14/11/2023
11:55
მსოფლიო
როგორც ცნობილია, ინდოეთის დედაქალაქი ტოქსიკურ ჰაერს ებრძვის. ინდოეთის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, მისი მთავრობა, ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად, წვიმის წარმოქმნის ტექნიკას განიხილავს.
გეგმის შესრულება დამოკიდებული იქნება ინდოეთის უზენაესი სასამართლოსა და, შესაძლოა, რამდენიმე ფედერალური სამინისტროს თანხმობის მიღებაზე. სქემა შეიძლება, მიმდინარე თვის ბოლოს, ამინდის პირობების მიხედვით, განხორციელდეს.
ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, ხელოვნური ღრუბლების წარმოქმნა რთული, ძვირადღირებული პრაქტიკაა, რომლის ეფექტურობა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაში ბოლომდე არ არის დადასტურებული და გარემოზე მისი გრძელვადიანი ზემოქმედების გასაგებად მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
როგორც BBC-ი წერს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დელიში ჰაერის ხარისხის ინდექსი მუდმივად 450-იან ზღვარს აჭარბებს, რაც დასაშვებ ზღვარზე თითქმის 10-ჯერ მეტია. დელიში ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მთავარი ფაქტორებია სატრანსპორტო და სამრეწველო გამონაბოლქვის მაღალი დონე და მტვერი. ქალაქის ჰაერი განსაკუთრებით ტოქსიკური ხდება ზამთარში, რადგან მეზობელი ქვეყნების ფერმერები მოსავლის ნარჩენებს წვავენ და ქარის დაბალი სიჩქარე დამაბინძურებლების მაღალ კონცენტრაციას იწვევს. დელის მთავრობა იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო მას ხელოვნური ღრუბლების წარმოქმნის უფლებას მისცემს, რაც დააჩქარებს ღრუბლებში ტენის კონდენსაციას წვიმის შესაქმნელად.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული პროექტი 20 და 21 ნოემბერს განხორციელდება, რადგან ამ დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები იდეალური იქნება.
ზოგიერთი ექსპერტი ასევე შეშფოთებულია იმით, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია ხელოვნური პროცესის შესაძლო შედეგები.
„ამჟამად, არ არსებობს არსებითი ემპირიული მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რამდენად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხის ინდექსი. ჩვენ ასევე არ ვიცით, რა არის მისი [ღრუბლების წარმოქმნის] ეფექტი, რადგან, საბოლოოდ, ცდილობთ, რომ შეცვალოთ ბუნებრივი პროცესები და ამას აუცილებლად ექნება შეზღუდვები. ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია მხოლოდ მეტეოროლოგიური ცვლადებით, როგორიცაა ნალექი და ქარის სიჩქარე. ჩვენ გვჭირდება მეტი ერთობლივი ძალისხმევა ჰაერის დაბინძურების შესაჩერებლად, ვიდრე მცადრი ექსპერიმენტები“, - განაცხადა კლიმატის ცვლილებისა და მდგრადობის ექსპერტმა აბინაშ მოჰანტმა.
0
0