26/01/2025
23:46
საზოგადოება
ცოტა ხნის წინ, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელი პირები აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მამაკაცს, ვახო ფიცხელაურს ფიზიკურად გაუსწორდენენ.
ფიცხელაურს ინფორმაციით, სამი ნიღბიანი უცნობი მას, სავარაუდოდ, სახლთან ელოდა და როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა, იქვე მდგომი ფურგონის ტიპის ავტომობილში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ქვეყანაში დღეს რაც ხდება, პირდაპირ მაგას ვუკავშირებ, ჩემს უბანში დამხვდნენ გამიზნულად, მაღაზიაში მივდიოდი, ნიღბიანები იყვნენ, ფურგონით წამიყვანეს ზემოთ, აქედან 1- 1,5 კილომეტრში, ვიცით ვინცა ხარო, მიტყამდნენ ყველგან, სახეს ვიფარავდი, გამოვექეცი“, - აცხადებს ფიცხელაური.
ფიცხელაურის მეუღლის, გორელი სამოქალაქო აქტივისტის თეონა ბზიშვილის თქმით, 112-ზე თავად დარეკა იმის მიუხედავად, რომ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
„ჩემი მეუღლე 15 წუთის გამოსული იყო სახლიდან, ვურეკავდი ტელეფონზე და არ მპასუხობდა, შემდეგ ბინის ფანჯრიდან გადმოვიხედე და დავინახე, რომ ნაცემი ჯდებოდა მანქანაში. 112-ზე დავრეკე, იმის მიუხედავად, რომ ვიცი, იმედი არ უნდა მქონდეს. გარდა იმისა, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, წართმეული აქვს საფულე, წართმეული აქვს ტელეფონი. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ გვაფრთხილებენ, რომ გავჩერდეთ“, - აღნიშნა თეონა ბზიშვილმა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცავები იმყოფებიან.
0
0