27/01/2025
17:05
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერს შეხვდა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო-უნგრეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რისი ერთ-ერთი დასტურიცაა 2022 წელს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უნგრეთში ვიზიტი მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტია, რაც ორ ქვეყანას შორის მეგობრობასა და ურთიერთმხარდაჭერას უსვამს ხაზს.
ლასლო კოვერის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები ძლიერი, ინტენსიური და დინამიკურია, ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვა და, ასევე, ორი ქვეყანა არაერთი მსგავსი გამოწვევის წინაშეა, რაც ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მყარ საფუძველს ქმნის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოზიტიურ დინამიკაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებას.
შალვა პაპუაშვილი უნგრელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრა, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გეგმები გააცნო. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, დაამტკიცებს, რომ საქართველო ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის და 2030 წლისთვის მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა უნგრეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის უნგრეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. თანმხლები დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა.
0
0