25/05/2023
15:43
მსოფლიო
.jpg )
ახალი კვლევის თანახმად, თუ 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში, პრეინდუსტრიულ ტემპერატურასთან შედარებით, გლობალური ტემპერატურა ცელსიუსით 2,7 გრადუსით მოიმატებს, მილიარდობით ადამიანს ცხოვრება „კლიმატის ნიშის“ მიღმა - სიცოცხლისთვის სახიფათო ცხელი ტემპერატურის პირობებში მოუწევს.
მოსალოდნელი გლობალური დათბობისა და მოსახლეობის ზრდის გათვალისწინებით, კვლევამ აჩვენა, რომ 2030 წლისთვის დაახლოებით ორი მილიარდი ადამიანი ისეთ ზონებში იცხოვრებს, სადაც საშუალო ტემპერატურა 29 გრადუს ცელსიუსზე მაღალი იქნება, ხოლო 2090 წლისთვის „კლიმატის ნიშის“ მიღმა ცხოვრება დაახლოებით 3,7 მილიარდ ადამიანს მოუწევს.
„მსოფლიო მოსახლეობის მესამედი, სავარაუდოდ, იცხოვრებს ისეთ კლიმატურ პირობებში, რომლებიც სიცოცხლისთვის არახელსაყრელია. ეს არის პლანეტის ზედაპირის სიცოცხლისუნარიანობის სიღრმისეული შეცვლა, რაც ადამიანთა საცხოვრებელი ადგილის ფართომასშტაბიან რეორგანიზაციას გამოიწვევს“, - აღნიშნა ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევარმა ტიმოთი ლენტონმა.
კვლევის თანახმად, „კლიმატის ნიშა“ მოიცავს იმ ზონებს, სადაც წლიური საშუალო ტემპერატურა ცელსიუსით 13-დან 27 გრადუსამდე მერყეობს. ამ ზონის გარეთ, კლიმატის პირობები ძალიან ცხელი, ძალიან ცივი ან ძალიან მშრალია. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ, თუ დედამიწაზე ტემპერატურა ცელსიუსით 2,7 გრადუსამდე დათბება, ინდოეთი, ნიგერია, ინდონეზია, ფილიპინები და პაკისტანი იქნებიან იმ ქვეყნების ხუთეულში, სადაც ყველაზე მეტ ადამიანს დაემუქრება სიცოცხლისთვის სახიფათო სიცხე. ზოგიერთი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, როგორიცაა ბურკინა-ფასო და მალი, ასევე პატარა კუნძულები, რომლებიც უკვე ზღვის დონის აწევის რისკის ქვეშ არიან, უპრეცედენტო მაღალი ტემპერატურის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
უარეს შემთხვევაში, თუ გლობალური ტემპერატურა საუკუნის ბოლომდე ცელსიუსით 3,6 ან თუნდაც 4,4 გრადუსამდე დათბება, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი აღმოჩნდება „კლიმატის ნიშის“ მიღმა, რასაც ექსპერტები „ეგზისტენციალურ რისკს“ უწოდებენ. ნიშის გარეთ ცხოვრებამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობის გაზრდა - 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება ადამიანზე შეიძლება სასიკვდილო იყოს, განსაკუთრებით თუ ტენიანობა იმდენად მაღალი იქნება, რომ სხეული ვეღარ გაგრილდება იმ ტემპერატურამდე, რომელსაც შეუძლია ნორმალური ფუნქციების შენარჩუნება. ასევე ვარაუდობენ, რომ ექსტრემალური სიცხე შეამცირებს მოსავლიანობას, გაზრდის კონფლიქტებს და დაავადების გავრცელებას.
მეცნიერები დიდი ხანია აცხადებენ, რომ გლობალური ტემპერატურის 1,5 გრადუსამდე დათბობა კატასტროფულ და პოტენციურად შეუქცევად ცვლილებებს (ექსტრემალურ ამინდს, მათ შორის გვალვას, ქარიშხალს, ტყის ხანძარს და სიცხეს) გამოიწვევდა.
„მაისის დასაწყისში, როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ განაცხადა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, არსებობს 66%-იანი შანსი იმისა, რომ, მინიმუმ, ერთი წლის განმავლობაში, პლანეტის ტემპერატურა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, ცელსიუსით 1,5 გრადუსზე მეტად გაიზარდოს. ჩვენ იმდენად დავაგვიანებთ კლიმატის ცვლილების შედეგების სათანადოდ დაძლევა, რომ ახლა ვართ ისეთ წერტილში, რაც ნიშნავს სათბურის გაზების ემისიების შემცირების ხუთჯერ დაჩქარებას ან გლობალური ეკონომიკის დეკარბონიზაციას“, - განაცხადა ტიმოთი ლენტონმა.
0
0