03/02/2025
17:47
საზოგადოება
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც მედიის წარმომადგენლებზე ხდება ძალადობა, როდესაც მათ არ ეძლევათ საშუალება, უსაფრთხო გარემოში განახორციელონ საქმიანობა, მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ფაქტი გამოიძიოს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ლევან იოსელიანს ჟურნალისტებმა მედიის წარმომადგენლების მიმართ აქციაზე ხელის შეშლის ფაქტებზე ჰკითხეს და დაინტერესდნენ, რას აკეთებს სახალხო დამცველი აღნიშნულ დარღვევებზე.
„ჩემი ბერკეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ყველა დარღვევებზე, რომელზეც ისაუბრეთ. ყველა ფაქტი, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, საბოლოოდ ხვდება სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რასაც სახალხო დამცველი და მისი აპარატი ქმნის და რომელსაც კითხულობს საქართველოს ყველა პარტნიორი, საქართველოს ყველა საელჩო, ყველა ქვეყანა. ამით აფასებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და გავცემთ რეკომენდაციას, რომლის შესრულებაზეც ასევე ვახდენთ მონიტორინგს.
რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ შეკითხვას, ჩვენ გუშინვე გავავრცელეთ განცხადება, სადაც აღვნიშნეთ, უშუალოდ „ტვ პირველის“ მიმართ მომხდარი ფაქტის შესახებ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც მედიის წარმომადგენლებზე ხდება ძალადობა და როდესაც მათ არ ეძლევათ საშუალება, რომ უსაფრთხო გარემოში განახორციელონ საკუთარი საქმიანობა. ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, უსაფრთხოდ შეასრულოს თავისი ფუნქცია და თავისი მოვალეობა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მანდატიც არის ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამოძიება, ყველა ფაქტი გამოიძიოს, გამოიძიოს დროულად და პასუხისგებაში მისცეს ყველა პირი, ვინც ეს ჩაიდინა“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0