07/02/2025
17:39
პოლიტიკა
რუსთაველის რვა ნომერში შეკრებილი ადამიანები სრულიად უუნაროები ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის ქვეყნის რაიმე სახის ლეგიტიმური გადაწყვეტილების მისაღებად, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 113 ხმა ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის; 100 ხმა ორი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 100 ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის; 100 ხმა უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის; 90 ხმაა საჭირო კონკორდატში ცვლილებების დასამტკიცებლად; 90 ხმაა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო სახალხო დამცველის ასარჩევად.
„ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტში მხოლოდ 89 მანდატი გააჩნია. ეს იყო ჩვენი სტრატეგია, ეს იყო პროდასავლური ოთხი კოალიციური გაერთიანების სტრატეგია, რომ ეს ხალხი, რომელმაც რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა არჩევნებზე, დარჩენილიყვნენ მარტო და ვერ მიეღოთ ვერანაირი გადაწყვეტილება, ასევე, ახალი არჩევნების ჩატარების იძულება მომხდარიყო. დღევანდელ ვითარებაში შემდეგი მოცემულობა გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი გააჩნია, პარლამენტში დღეს ქაღალდზე 101 დეპუტატი არსებობს. საკითხის დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც „გახარია-საქართველოსთვის“ ჰქვია და აქ ჩნდება საკმაოდ სერიოზული კითხვა, იმ ძალის ფარული ლეგალიზაციის და ფარული ხელშეწყობის, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და ჩემთვის ეს არის საქართველოში რუსული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მიათრევს და იზოლაციას უკეთებს ევროპული ფასეულობისგან, რომელსაც ქართველი ხალხი ძირძველად ეკუთვნის, მიათრევს დამპყრობლისკენ, რუსეთისკენ და ისეთი სისტემებისკენ, როგორიც არის მაგალითად, ირანი და კომუნისტური პარტიის ჩინეთი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, საბოლოო გამარჯვების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ „გახარია-საქართველომ“ მიიღოს გადაწყვეტილება, იმუნიტეტის, დაფინანსების გამო დროის გაწელვა, აბსოლუტურად არარელევანტური, არაობიექტური, არასამართლიანია, გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად უნდა იყოს მიღებული.
„არანაირი სურვილი არ მაქვს, სხვას მივუთითო, ვინ როგორ იცხოვრებს, მაგრამ არჩევანი მათზეა და ჩვენ, ამ ბრძოლაში მყოფმა ადამიანებმა, ჩვენ, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“, უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი პარტნიორი და როგორი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის თავისუფლებისთვის.
ამ პარლამენტში დარჩენა, ბიძინა ივანიშვილის რუსულ ხელისუფლებასთან, ნიშნავს რუსული საქმის და ბიძინა ივანიშვილის საქმის კეთებას, რომელიც ქართული საქმე არ არის. ჩემი მოწოდებაა, დროზე დავამთავროთ საპარლამენტო ამბავი, დავტოვოთ 89 მანდატში ქართულ-რუსული ხელისუფლება, რომ ძალიან სწრაფად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს და გავათავისუფლოთ ჩვენი პატიმრები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
0
0