03/09/2022
13:59
სპორტი
ფორმულა 1-ის ფანებს გილოცავთ ზაფხულის არდადეგების დასრულებასა და რბოლების განახლებული სეზონის დაწყებას.
ფორმულა 1 მოტოსპოტის უმაღლესი კლასის კატეგორიაა. კონსტრუქტორების 10 გუნდი, მსოფლიოში საუკეთესო 20 პილოტი, 22 რბოლა 22 ქვეყანაში, ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი მაყურებელი, და 2 მილიარდი ამერიკული დოლარის წლიური შემოსავალი - ეს ელიტური ავტოსპორტი მსოფლიოს უვლის გარშემო და მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს. საუკეთესო მანქანათმშენებლები დაუღლელად მუშაობენ ელვისებური მანქანების შესაქმნელად, ხოლო პილოტები სიცოცხლეს რისკავენ, რათა სეზონის ბოლოს მსოფლიო და კონსტრუქტორების ჩემპიონობის დიად ტიტულებს დაეპატრონონ.
ფორმულა 1-ის მთავარი გმირი მანქანაა - ბოლოს და ბოლოს ამიტომ ჰქვია ფორმულა 1-ს „ავტოსპორტი“. პილოტებს გამოცდილება, სწრაფი რეფლექსები, გადარჩენის ინსტიქტი, გამარჯვების წყურვილი, ასფალტზე მფრინავი მანქანის დამორჩილების უნარი და თანდაყოლილი ნიჭი უნდა გააჩნდეთ. ასე არაა?
ცხენი - მხედარი, რობოტი - პულტი, სარბოლო მანქანა - პილოტი. არა?
ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ „ფორმულა 1“ ფიზიკური სპორტადაც შეიძლება მივიჩნიოთ? რამხელა ფიზიკური შრომა და ძალისხმევა არის საჭირო მანქანის სამართავად, რბოლის მოსაგებად? არიან თუ არა მრბოლელები ფიზიკური ათლეტები?
ფორმულა 1-ის, როგორც მოტოსპორტის ფიზიკური და ათლეტური მხარე მეორეხარისხოვნია, ხოლო პილოტების ფიზიკური დატვირთვა - დაუფასებელი.
დროა, ფორმულა 1-ზე, როგორც ფიზიკურ სპორტზე, მეტი შევიტყოთ.
ექვსმაგი G-force, ანუ ექვსმაგი გრავიტაციული მიზიდულობის ძალა რბოლის დროს
G ფიზიკური მუდმივაა და ჩვენზე მუდმივად მოქმედი გრავიტაციული ძალის ტოლია. როცა ჩვენზე 1 G მოქმედებს, უწონადობის შეგრძნება გვაქვს, თითქოს არც არაფერი გვიზიდავს დედამიწისკენ. ნებისმიერ დროს, როდესაც G-ზე დიდ ძალას, ანუ 9.8 მ/წმ^2-ზე მაღალ აჩქარებას განვიცდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1< G-ძალის ზემოქმედების ქვეშ ვართ. თუმცა, გრავიტაციული მიზიდულობა G-ძალის გამომწვევი ერთადერთი ფაქტორი არ არის. ამერიკულ მთებზე ჯდომისას ოდესმე გიგვრძვნიათ, რომ თითქოს თვალები თავის ქალის შიგნით მიიწევენ, ან თითქოს გული ყელში გებჯინებათ? ეს G-ძალას შეგიძლიათ დააბრალოთ.
მიზიდულობის ძალა ვერტიკალური G-ძალაა. ფორმულა 1-ის რბოლის დროს, დამუხრუჭებისას მოხვევის დროს, აჩქარების დროს, მრბოლელები თითქმის მუდმივად განიცდიან მეორე ტიპის, ლატერალურ G-ძალას.
თან რაც უფრო დიდია აჩქარება, მით უფრო დიდია მოქმედი G-ძალა. ახლა კი შეადარეთ ამერიკული მთების ვაგონის საშუალო სიჩქარე (სანამ სიჩქარეს მიაღწევს, ხომ უნდა აჩქარდეს; 130კმ/სთ) ფორმულა 1-ის სარბოლო მანქანების საშუალო სიჩქარეს (270 კმ/სთ), ატრაქციონის მოკლე ხანგრძლივობა საშუალოდ ორსაათიან რბოლას, და მოსახვევების სავარაუდო რაოდენობა ატრაქციონზე, სარბოლო ტრეკისას (10-27 - ეს გაამრავლეთ წრეების რაოდენობაზე). როგორც იტყვიან, ჩააყენეთ თქვენი თავი სხვის, ანუ პილოტების, მდგომარეობაში.
ფორმულა 1-ის პილოტები რბოლის მანძილზე მუდმივად 4-6 ძალას განიცდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სხეული 4-6-ჯერ უფრო მძიმეა. სარბოლო მანქანები ყოველ წელს ახალ სიჩქარეების მწვერვალებს იპყრობენ, G-ძალა კი ამასთან ერთად იზრდება. წარმოიდგინეთ - სარბოლო მანქანაში ჩაფხუტიანი თავი 4-6-ჯერ მძიმეა და 36 კგ-ს იწონის. მოხვევის დროს სხეულისა და თავის პოზიცია აუცილებელია იყოს მდგრადი და მყარი, რათა მანქანამ მომენტი არ დაკარგოს და აეროდინამიკური წინააღმდეგობა შეამციროს. ამის გამო, კისრის კუნთების სიძლიერე და G-ძალის წნეხის გაძლების უნარი მრბოლელებისთვის უმნიშვნელოვანესია. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ხელების გამორიცხვით, მრბოლელები ღია კაბინაში უძრავად სხედან, რთული წარმოსდგენია როგორ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს ოპტიმალური პოზიციის შენარჩუნება.
გრავიტაციული G-ძალის გამო, ფეხებში უფრო მაღალი წნევაა, ვიდრე თავში. ეს იმას ნიშნავს რომ ბუნებივ პირობებშიც კი, ადამიანის სხეულში წნევა არათანაბარია, რომ სისხლის, ანუ ჟანგბადის გულისთვისა და თავისთვის მიწოდება ტექნიკურად სირთულეს წარმოადგენს. საბედნიეროდ, ორგანიზმი ამ პრობლემის კომპენსირებას 1 G-ს ქვეშ ახერხებს. რბოლის დროს, ლატერალური ექვსმაგი G-ძალები სისხლს თავიდან ხელებში და ფეხებში ეწევიან, სუნთქვას ართულებენ, და გულის ცემას აბრკოლებენ. სისხლის უკმარისობით გამოწვეულ უჟანგბადობა მხედველობის დაბინდვამდე და გონების დაკარგვამდე შეიძლება მივიდეს. როგორ ახერხებენ მრბოლელები 6 G-ს გაძლებას?
პირველ რიგში, გამძლეობითი ვარჯიშები. პილოტები თავიანთ კარდიოვასკულარულ სისტემას აქტიურად ავარჯიშებენ, რის შედეგადაც გული ძლიერდება და ყოველი გულის კუნთების შეკუმშვის, გულის ცემის შედეგად, ნორმალურზე მეტი სისხლი გადაისროლება არტერიებში. მარტივად, მათი გული ნელა ცემს, თუმცა მეტ სისხლს ამოძრავებს ორგანიზმში. რბოლის ექსტრემალურ პირობებში, როცა კუნთები წნევით ზეწოლას განიცდიან, გულის დაბალი პულსი უპირატესობაა და შემაფერხებელი ფაქტორების მიუხედავად ჟანგბადის ქსოვილებისკენ მიწოდებას უზრუნველყოფს.
2020 წელს, Sport Science Agency-მ “პუმას“ ფიზიკური გამოცდები ჩაატარა. ლუის ჰამილტონმა თავისი ათლეტური უპირატესობა აჩვენა - მან უფრო დიდი ფიზიკური დატვირთვის შენარჩუნება შეძლო და გამოცდის განმავლობაში პულსი დაბალ ზონაში დაუფიქსირდა. მან პროფესიონალ ფეხბურთელებზე, ბოქსიორებზე, და პროფესიონალ ათლეტებზე უკეთესი შედეგი აჩვენა.
საჭის დამორჩილება
იმას რომ თავი გავანებოთ თუ რამდენად სწრაფად ფიქრობენ რბოლისას პილოტები და რამდენად სტრატეგიული და ინტელექტუალური სპორტია ფორმულა 1, საჭის დამორჩილებაც კი სერიოზული გამოწვევაა. ათლეტი მარტო ფიზიკურად არ ირჯება. კომპლექსური საჭის ნავიგაცია მთელი რბოლის განმავლობაში მენტალურად დამქანცველი დავალებაა. პილოტებს ძალიან ძლიერი მკლავები სჭირდებათ საჭის საკონტროლოდ, განსაკუთრებით რელიეფულ ტრეკებზე, სადაც მანქანა მაღალი დონის ვიბრაციებს განიცდის. ამასთანავე, ღია კაბინაში საჭის დატრიალება მანქანის მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ, G-ს გადასალახად კუნთების მძლავრ მუშაობას მოითხოვს.
პედლები
ფორმულა 1-ის სარბოლო მანქანის პედლები ჩვეულებრივი მანქანისნაირი არ გეგონოთ. ისინი უხეში სამართავები არიან და ასამოქმედებლად მთელი სხეულის წონის ზეწოლასა და გაშლილ ფეხს საჭიროებენ. სარბოლო მანქანას შეუძლია 185 კმ/სთ აჩქარება 3.5 წამში განიცადოს, 80 მეტრის მანძილზე. საშუალოდ 1500 ასეთი პედლის მანიპულაცია ერთი რბოლის მანძილზე, მგონი, ნამდვილ ათლეტს მოითხოვს.
აუტანელი სიცხე
რბოლების დროს პილოტები ორფენიანი ცეცხლგამძლე, შიდა, და გარე სარბოლო კოსტიუმებით არიან აღჭურვილნი. ამას ემატება ბალაკლავა, ჩაფხუტი, და ხელთათმანები. პილოტები თავიდან ფეხებამდე დაფარულები არიან, რათა თავი შეჯახებებისგან დაიცვან. რბოლის დროს მანქანაში ტემპერატურა 50 გრადუსს ცელსიუსით აღწევს. პილოტები ოფლიანობას იწყებენ, რათა ორგანიზმში დაგროვილი სიცხე წყლით გამოიყოს, თუმცა გამოყოფილი სიცხე მრავალფენიან კოსტიუმში იზოლირებულია - სიცხე არსად არ მიდის. ამის გამო, პილოტები ერთი რბოლისას 4-5 კილო სითხეს კარგავენ და გაუწყლოებას განიცდიან. ათლეტების ერთ-ერთი თვისება გამძლეობაა. პილოტები ორი საათის მანძილზე ადუღებულ კაბინასა და სინესტეში გაუწყლოებას უძლებენ.
(რბოლის დაწყებამდე პილოტები ყინულის აბაზანებს იღებენ რათა ორგანიზმის ტემპერატურამ დაიწიოს)
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ფორმულა 1-ის პილოტები პროფესიონალი ათლეტებივით ვარჯიშობენ. შუმახერი ყოველ დღე 6 საათი ვარჯიშობდა.
ამ სტატიას დენიელ რიკარდოზე უკეთესად ვერავინ დაასრულებს.
თქვენ რას ფიქრობთ, არიან ფორმულა 1-ის მრბოლელები ნამდვილი ათლეტები?
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025