
ევროკომისია „ფაიზერგეითის“ სასამართლო საქმეში ყველა ბრალდებაში გაამტყუნეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსს“ ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის გაცვლილ შეტყობინებებზე წვდომა არ მიეცა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ ვერ შეძლო დამაჯერებლად აეხსნა, რატომ არ ფლობდა ის ტექსტებს.
„ევრონიუსის“ თანახმად, ევროკომისიასა და The New York Times-ს შორის, Pfizer-ის წარმოებული COVID-19-ის ვაქცინის კონტრაქტებთან დაკავშირებული გამჭვირვალობის შესახებ ხანგრძლივი კამათის შემდეგ, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) დღეს დაადგინა, რომ კომისიამ „ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი ახსნა მოთხოვნილი დოკუმენტების არქონის გასამართლებლად“.
სასამართლოს თანახმად, კომისიას არ შეუძლია, უბრალოდ განაცხადოს, რომ მას არ აქვს მოთხოვნილი დოკუმენტები და მან უნდა წარმოადგინოს სანდო ახსნა-განმარტებები, რომლებიც როგორც საზოგადოებას, ასევე სასამართლოს საშუალებას მისცემს, გაიგოს, რატომ არ შეიძლება ამ დოკუმენტების მოძიება.
ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ The New York Times-მა წარმოადგინა შესაბამისი და თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა კომისიის პრეზიდენტსა და Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით ტექსტური შეტყობინებების არსებობაზე.
„ეს კონტრაქტები სრულიად უპრეცედენტო იყო, სრულიად უპრეცედენტო კონტექსტში“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამერიკულმა გამოცემამ შეტყობინებების არსებობა 2021 წელს, ბურლასთან ინტერვიუების დროს აღმოაჩინა, თუმცა მათზე წვდომის მოთხოვნისას დაბრკოლებებს წააწყდა. კომისიამ განაცხადა, რომ ტექსტების მიწოდება არ შეეძლო. შეტყობინებების მოპოვების არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, The New York Times-მა საქმე ევროპის სასამართლოს 2023 წლის იანვარში წარუდგინა. სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიამ სათანადოდ ვერ დააზუსტა, წაიშალა თუ არა მოთხოვნილი ტექსტური შეტყობინებები და თუ წაიშალა, მოხდა ეს განზრახ, თუ ავტომატურად. ევროკომისიას ახლა ორი თვე აქვს მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
0
0