26/01/2025
18:33
მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მე ვუთხარი მას, რომ სურვილი მაქვს, თქვენ მეტი ლტოლვილი მიიღოთ, რადგან ამჟამად ღაზის მთლიან სექტორს ვაკვირდები და იქ ნამდვილი არეულობაა" - ტრამპმა ჟურნალისტებთან იორდანიის მეფე აბდულა II-თან მისი სატელეფონო საუბრის მონაკვეთი გაიხსენა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ 26 იანვარს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ას-სისისთანაც ისაუბრებს. "მე მსურს, რომ ეგვიპტემაც მიიღოს ხალხი. საუბარია დაახლოებით ერთ-ნახევარ მილიონ ადამიანზე" - დასძინა მან.
ტრამპმა აღნიშნა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია":
"ამიტომ, მირჩევნია, ვიმუშაო ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან და ავაშენოთ საცხოვრებელი სხვა ადგილას, სადაც ლტოლვილებმა შესაძლოა მშვიდად იცხოვრონ" - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
0
0