
⭕დღეს, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე და ომისა და სამხედრო თემატიკაზე მომუშავე უფროსი და უმცროსი თაობის ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან, ფოტოკორესპონდენტებთან;
⭕მოწვეულნი იყვნენ ომის ვეტერანთა შვილები, რომლებიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან და რომელთა სწავლის საფასურის დაფინანსებაშიც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მონაწილეობს. სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი და ფედერაციის წევრები.
⭕სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ყველა ჟურნალისტს მიულოცა პროფესიული დღე; მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის და მათ, ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველო უსურვა. სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ომისდროინდელი ისტორიები, ისაუბრეს მათ მიერ ომის შემდგომ განვლილ გზაზე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მადლობა გადაუხადეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ღონისძიების მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ომში დაღუპულ ჟურნალისტებს: ’’მინდა, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით და, ამავე დროს, ტკივილით გავიხსენო ბრძოლის ველზე დაცემული ჟურნალისტები_ქვეყნის ერთიანობისთვის დარაზმული უმუნდირო ჯარისკაცები, რომლებიც უშიშრად გადიოდნენ ბრძოლის წინა ხაზზე და ამზადებდნენ სატელევიზიო თუ საგაზეთო რეპორტაჟებს; მათ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე წუთების ამსახველი კადრები, სამშობლოსათვის თავდადებულ მეომართა ბრძოლების მატიანე, მომავალ თაობებს, საკუთარი სიცოცხლის ფასად შემოუნახეს და ამით, ფასდაუდებელი ღვაწლი გასწიეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში,’’-განაცხადა კობა კობალაძემ.
⭕სწორედ მათ ხსოვნას მიუძღვნა სამსახურმა ვიდეო და ფოტოკოლაჟი,სადაც ომში დაღუპული ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრები იყო ნაჩვენები. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების ამსახველი ფოტოგამოფენა.
⭕სტუდენტებმა წარმოადგენს თავიანთი წერილები, სადაც აღწერილი იყო მათ მიერ დანახული ომის ვეტერანი_ როგორც საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი და სამაგალითო მამულიშვილი, რომელსაც მომავალი თაობების პატრიოტულ აღზრდაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც სახელმწიფოს თანადგომის მიუხედავად, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა წინაშე ჯერ კიდევ არსებობს და რომელთა დაძლევაშიც, საზოგადოების ყველა ფენის, განსაკუთრებით მედიის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
⭕დღესვე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ და გიორგი მამაცაშვილმა მოაწერეს.
⭕ინფორმაციისთვის, ქართული ჟურნალისტიკის დღედ, 21 მარტი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს 1993 წელს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ, პირველი ქართული გაზეთის_ ჯერ “საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი “ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით _21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი, რაც 21 მარტის ქართული ჟურნალისტიკის დღედ დაწესების საფუძველი გახდა.
0
0