
სამწუხარო და შემაშფოთებელია ის განცხადებები, რომელსაც სავარაუდოდ, თავის გამართლების მიზნით აკეთებენ ე.წ სახელმწიფო სტრუქტურები - აქ პირდაპირ ჩანს, სავარაუდოდ საქმის ჩაფარცხვის პირდაპირი და მიზანმიმართული ქმედებები, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ გარდაცვლილი პატიმრის იოსებ გორგაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება „ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართულად არასწორი გამოძიება და საქმის ჩაფარცხვა“.
„როგორც ცნობილია, მოხდა სამწუხარო ფაქტი და გარდაიცვალა პატიმარი იოსებ გორგაძე. მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო. სამწუხარო და შემაშფოთებელია ის განცხადებები, რომელსაც სავარაუდოდ, თავის გამართლების მიზნით აკეთებენ ე.წ სახელმწიფო სტრუქტურები.
ისმის კითხვები, რომელზეც პასუხი არავის აქვს. თვეების განმავლობაში რატომ იძიებდა ამ საქმეს ის დაწესებულება, ორგანიზაცია, რომლის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა პატიმარი და სადაც სავარაუდო დანაშაული მოხდა. რა იყო ამის მიზეზი და რატომ გადაეცა ე.წ საგამოძიებო სამსახურს თვეების შემდგომ აღნიშნული საკითხი გამოსაძიებლად; გამოძიებულია თუ არა იმასთან დაკავშირებით საკითხი, რომ თავდაპირველად ადამიანს სავარაუდოდ, ცრუ განზრახ დიაგნოზი დაუსვეს. როგორც შემდგომ ირკვევა, გარდაცვლილ ადამიანს ჰქონდა არაერთი დაზიანება, ფუძის ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი მოტეხილობები, დაჟეჟილობები... წარმოუდგენელია, როდესაც ვხედავთ ფორმას, რომელიც ტელევიზიით გაჟღერდა და ამასთან დაკავშირებით თურმე დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარეც სერიოზული კითხვები საგამოძიებო სამსახურს არ გააჩნია. არის თუ არა გამოკითხული ის ადამიანი, რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ გასცა პირველი ცრუ დიაგნოზი, რატომ იყო ეს მიზანმიმართულად გაკეთებული?
იყო თუ არა აქამდე ცნობილი დაზარალებულად და შემდეგ უკვე მისი ოჯახი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ? თუ ეს ასე არ არის, ესე იგი მიმდინარეობს, სავარაუდოდ საქმის ჩაფარცხვა, ვინაიდან თუ ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს ის საქმის მასალებს ვერ გაეცნობა, ვერ დააყენებს შუამდგომლობებს“, - განაცხადა სამუშიამ.
სამუშიას განცხადებით, სახალხო დამცველმა უნდა გასცეს პასუხი კითხვებს: იქნა თუ არა შესწავლილი ციხის პერიმეტრი, დაათვალიერეს თუ არა კამერები და რა იქნა აღმოჩენილი ამ დათვალიერების შედეგად,
„ასევე, კითხვებია სახალხო დამცველთან, ის წყალწყალა განცხადება, რომელიც გაავრცელა, ჯობდა არ გაევრცელებინა. სახალხო დამცველმა უნდა გასცეს პასუხი იქნა თუ არა შესწავლილი ციხის პერიმეტრი, დაათვალიერეს თუ არა კამერები და რა იქნა აღმოჩენილი ამ დათვალიერების შედეგად, არის თუ არა საეჭვო გარემოებები და არა ის ზოგადი ზოგადი განცხადება, რომელიც წარმოდგენას და შთაბეჭდილებას ვერ უქმნის საზოგადოებას.
მე ვესაუბრე შესაბამის სპეციალისტებს და ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ავიაკატასტროფით, სიმაღლიდან ვარდნის ან მძიმე ფიზიკური დაზიანებების - ცემის, ზემოქმედების შედეგად. საუბარი იმაზე, რომ თითქოს ეს ადამიანი წაიქცა და ა.შ. ეს წარსული წლების პრაქტიკაა და კარგად გვახსოვს, როგორც ცდილობდნენ დანაშაულების დაფარვას.
აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვეთ საქმის მასალები, მიეცით დაზარალებულის სტატუსი ოჯახს, თუ არ აქვს. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით, ვინაიდან აქ პირდაპირ ჩანს, სავარაუდოდ საქმის ჩაფარცხვის პირდაპირი და მიზანმიმართული ქმედებები“, - განაცხადა სამუშიამ.
ცნობისთვის, პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გორგაძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მიაწოდა. ადვოკატის თქმით, პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" დაზიანებებით იანვრის თვეში გადაიყვანეს.
ადვოკატის განმარტებით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს, თუმცა მისი თქმით, მისთვის უცნობია, ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა.
ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.
რაც შეეხება თავად იოსებ გორგაძეს, მას ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
0
0