01/02/2025
21:08
სამართალი
გუშინ ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. რესტორან "კახელებთან" მამაკაცს ავტომობილში ესროლეს. მოკლულია 47 წლის მამაკაცი თემურ ტოლიაშვილი, რომელიც ავეჯის ბიზნესს ფლობდა. მას 4 შვილი დარჩა.
არსებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა.
"ქვევით მოსახვევში ესროლეს გაჩერებულ მამაკაცს. რამდენჯერმეა აქვს გახსნილი. 50-წლამდე კაცია. ნომრებიც მოხსნილი ჰქონდა. აქაური არ არის. მანქანაც არ მეცნობა", - ამბობს ადგილობრივი.
მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში ლ.კ. პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ზ.შ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0