
"შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“ - საქართველოში ბედობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის…
ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, იგი უფრო სახალხო ტრადიციაა.
ძველ დროში დარწმუნებულები იყვნენ, როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ. ამ თარიღს დღემდე ულოცავენ ერთმანეთს და ცდილობენ ხალისიანად გაატარონ.
რიტუალი ასეთი იყო – ოჯახი შეარჩევდა ბედნიერ ადამიანს, რომლის „ფეხზეც“, “კვალზეც” იყო დამოკიდებული მომდევნო წლის კეთილდღეობა. სტუმრად მისული “მეფეხური” მასპინძელს ლამაზად გამოწყობილი უნდა სწვეოდა.
ტრადიციის მიხედვით, მეკვლე ოჯახში მივიდოდა და თან მიჰქონდა რაიმე ტკბილეული, შემოვიდოდა და იტყოდა: “ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო” და დაილოცებოდა. მას დაუდგამდნენ სუფრას და უმასპინძლებდნენ. შემდეგ გაატანდნენ ტკბილეულს.
ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.
საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნება.
პირველი ბედობა ბარბალობას (ბარბარობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ ადამიანს იწვევდნენ და განსაკუთრებით უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიუხვესთან ასოცირდებოდა. მარცვლეულს მეკვლეს ტახტზეც უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებოდა. ბარბალობას მსუქანი მეკვლე უხაროდა ოჯახს, რადგან ითვლებოდა, რომ ის ხვავის და ბარაქის მომტანი იქნებოდა. თუ მეკვლე “გამოეპარებოდა” მასპინძელს ისე, რომ მას მაგიდასთან არ დასვამდა, ოჯახს მთელი წელი იმის შიში უნდა ჰქონოდა, რომ ქათამი იმ წელს წიწილებს ვერ გამოჩეკდა…
გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს ნაბადმოსხმულ კაცს შინ არ შეუშვებდნენ – სჯეროდათ, რომ ნაბდიანი კაცის სახლში შესვლამ მობუზული წიწილები იცისო. ამ დღეს სხვადასხვა რეგიონში ნიგვზიან ქადებს და ლობიან პურებს აცხობდნენ, რომლებსაც პატარებს ურიგებდნენ.
ანალოგიურად იქცეოდნენ ახალი წლის მეორე დღეს – 2 იანვარს. აქაც არის მეკვლე, თუმცა ბარბალობისგან (ბარბარობა) განსხვავებით ეს დღე არა მარტო მეკვლეზეა დამოკიდებული, აქ მნიშვნელოვანია როგორ იქცევა ამ დღეს ოჯახის ყველა წევრი.
მესამე ბედობა, იგივეა რაც 2 იანვრის, თუმცა მათთვის ვინც ძველით ახალ წელს აღნიშნავს, ბედობაც ძველი კალენდრით, 15 იანვარს უწევს.
0
0