
აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და დაჯარიმებულ პირებს მოუწოდებენ, რომ დაკისრებული ჯარიმები გაასაჩივრონ.
"იმ პირობებში, როდესაც ე.წ. ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს და აძლიერებს ფინანსურ სანქციებს, ზრდის ჯარიმებს, რაც პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ფონდები ვაგრძელებთ დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერას.
თხოვნით მივმართავთ ყველა დაჯარიმებულ პირს, რომ ჩვენი თანადგომის პარალელურად, აუცილებლად გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში. [...]
ეს პროცესი ფონდებს დამატებით დროს მისცემს საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად და ამავდროულად, ტვირთად დააწვება სისტემას, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს ზეწოლას მოქალაქეებზე.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ ვითარებაში ზეწოლა ვრცელდება არა მხოლოდ მოქალაქეებზე, არამედ ბიზნესსა და იმ პირებზეც, რომლებიც დაჯარიმებულების ფინანსურ დახმარებას ფონდების საშუალებით ცდილობენ.
გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ, დაზარალებულთა დახმარების ფონდები, თავიანთი გაცხადებული მიზნების ფარგლებში, არსებული რესურსების შესაბამისად უზრუნველყოფენ ჯარიმების ანაზღაურებას.
პირველ რიგში ანაზღაურდება ის ჯარიმები, რომლებიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება და უკვე დადგენილია გადახდის საბოლოო ვადა" - წერია განცხადებაში.
განცხადებას "ფროსფერითი ჯორჯია", "ნანუკას ფონდი", "ერთმანეთისთვის", "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" და "საქართველოს უნივერსიტეტი" ერთობლივად აქვეყნებს.
ცნობისთვის, საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე, მხოლოდ ამ ერთ დღეში 150-მდე ზარი შევიდა, თითქმის ყველა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას ეხებოდა.
"ვაჯამებთ სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზის დღევანდელ დღეს. მხოლოდ ამ ერთ დღეში 150-მდე ზარი შემოვიდა, თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას. ეს დაახლოებით 750 000 ლარის ღირებულების ჯარიმაა მხოლოდ ერთ დღეზე. ჩვენი რჩევაა, ყველამ გაასაჩივროს, შედეგის მოლოდინის მიუხედავად, ამას მაინც ექნება სხვა შედეგი", - წერდა ქურდოვანიძე 21 თებერვალს.
0
0