04/03/2022
22:26
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„თავდაპირველად, ვიტყვი, რომ რასაც ველოდი ევროპისგან, უკვე მოხდა. ის, რაც არ მოხდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ეს ევროპის ერთობაა, რომელიც მე ვფიქრობ, ყველასთვის გასაკვირია და ნამდვილად ისტორიული ფაქტია, რაშიც ჩემის აზრით, დიდი წვლილი ემანუელ მაკრონს მიუძღვის, მაგრამ ასევე გარემოებებს და რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც შექმნა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა; მან მეორე სიცოცხლე მისცა ევროპას; ეს ის ევროპაა, რომელიც აცნობიერებს თავის ძალას და მზადაა მის გამოსაყენებლად. გერმანიის ცვლილება, მისი საგარეო პოლიტიკის ცვლილება ისტორიული ფაქტია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის პასუხი რუსულ აგრესიაზე უნდა იყოს მხარდაჭერის პასუხი, რაც გამოიხატება იარაღის გაგზავნაში უკრაინელებისთვის და ასევე, პოლიტიკური პასუხი.
„პოლიტიკური პასუხი არის ის, რომ ჩვენ უფრო შორს წავალთ, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ინტეგრაციით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, რომ საქართველო, რომელმაც ასევე გადაიტანა კონფლიქტი, არ იყოს დავიწყებული.
„ჩვენ ვართ ტრიო, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, ჩავატარეთ პრეზიდენტების სამიტი ბათუმში გასულ ზაფხულს და ამ ასოცირებული ქვეყნების ტრიომ უნდა განახორციელოს სიმბოლური და პოლიტიკური შესვლა ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებით.
„ზელენსკის უნდა ვუმადლოდეთ იმ ყველაფერს, რაც მან გააკეთა დიპლომატიური მობილიზაციის კუთხით რუსეთის თავდასხმამდე. ევროპის კავშირი შეიკრა დღეს უკრაინის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა მესიჯს აგზავნის საქართველო ბრიუსელში. „მესიჯი ძალიან ნათელია. დღეს საქართველო შეიძლება, კვლავ აღმოჩნდეს მოსკოვის ზეწოლის ქვეშ, განსაკუთრებით, თუ რუსეთი ვერ მოიპოვებს ბრწყინვალე გამარჯვებას უკრაინაში, როგორც ამას იმედოვნებდა, მან სხვაგან შეიძლება მოსინჯოს ძალა, მისი იმიჯის გამოსასწორებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე, ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „შეიძლება, მითხრათ, რომ ვცდები, მაგრამ ზოგჯერ ამბობენ, რომ საქართველო საკმაოდ ფრთხილია მკაფიო არჩევანში ევროკავშირსა და მოსკოვს შორის“. „არა, სიფრთხილე საქართველოს არჩევანს არ ეხება. სიფრთხილე შეიძლება, არსებობდეს, სწორედ ამას ვცდილობ დავუპირისპირდე. სიფრთხილე შეიძლება, არსებობდეს, თუ ზეწოლა და რისკი მოიმატებს, რადგან საქართველო არ არის უკრაინა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორია ივანიშვილის წონა ამ სიფრთხილეში. „ის აღარ არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკაში, მე ვარ პრეზიდენტი, მე განვასახიერებ საგარეო პოლიტიკას და საქართველოს წარმოვადგენ მის ფარგლებს გარეთ. არ მგონია, ამ რეგიონში ჩემზე უფრო ევროპელი ბევრი ლიდერი იყოს, ევროკავშირის აღმოსავლეთით და მე განვასახიერებ საქართვლოს მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილს, რომელიც გამოსულია ქუჩებში უკრაინაზე აგრესიის პირველი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება, ერთ დღეს რუსეთის აგრესია გამოიწვიოს. ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, გარკვეული სირთულეებით, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდხანს გრძელდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0