05/02/2025
10:20
მსოფლიო
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მას სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა ღაზას სექტორი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს და იქ არსებული სიტუაცია მართოს.
“აშშ საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს ღაზას და ერთობლივად ვმართავთ იქ არსებულ სიტუაციას. მსურს, რომ ეს ტერიტორია ,,ახლო აღმოსავლეთის რივიერად’’ ვაქციო. ყველას, ვისაც ვესაუბრე, მოსწონს ის იდეა, რომ შეერთებული შტატები პასუხისმგებელი იყოს ადგილზე არსებული ყველა საშიში აუფეთქებელი ბომბისა და სხვა იარაღის დემონტაჟზე. ჩვენ მოვაშორებთ დანგრეულ შენობებს, ვუზრუნველყოფთ ეკონომიკურ განვითარებას, ათასობით სამუშაო ადგილს და საცხოვრებელს ამ ტერიტორიის მოსახლეობისთვის. ეს შესანიშნავი საქმე გამოვა ამ მართლაც დიდებულ მხარეში,“ - განაცხადა ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ომის ერთ-ერთი მიზანია, რომ ,,ჰამასი’’ აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის, ,,თუმცა ტრამპი, ამ კონფლიქტს ბევრად უფრო მაღალ დონეზე გადაჭრის.’’
”ვფიქრობ, სწორედ ეს ნაბიჯი შეცვლის ისტორიას და ნამდვილად ღირს ამ ინიციატივის განხორციელება,” - დასძინა ნეთანიაჰუმ.
დონალდ ტრამპმა არ განმარტა, თუ როგორ აპირებს 15-თვიანი ომის შედეგად განადგურებული ტერიტორიის კონტროლს, თუმცა მან კონფლიქტის ზონაში აშშ-ის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა.
„თუ საჭირო იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ გავაკონტროლებთ ღაზას სექტორს და განვავითარებთ მას. აშშ უზრუნველყოფს გრძელვადიან სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთის ამ ნაწილში და შესაძლოა მთელ ახლო აღმოსავლეთშიც. ეს მარტივად მიღებული გადაწყვეტილება არ არის,’’ - თქვა ტრამპმა.
როგორც The Guardian-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას „მფლობელობის“ შესახებ გაჟღერებული საგანგებო ინიციატივა დეტალურად არ განმარტა და თავი აარიდა შეერთებული შტატების მიერ ამ გეგმის განხორციელების კანონიერების დასაბუთებას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე, Amnesty International-მა აშშ-ის ლიდერი საერთაშორისო სამართლის სხვა საკითხთან დაკავშირებით გააკრიტიკა. Amnesty-ს განცხადებით, აშშ „საერთაშორისო მართლმსაჯულებას პატივს არ სცემს“, რაც გამოიხატება ნეთანიაჰუს დაპატიმრებისთვის ზომების მიუღებლობით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გასული წლის ნოემბერში მისი დაკავების ორდერი გასცა.
0
0