05/02/2025
12:19
მსოფლიო
The Washington Post-ის ინფორმაციით, USAID-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ „მსოფლიო მასშტაბით, USAID-ის მიერ დაქირავებული პერსონალი მიმდინარე კვირის ბოლომდე სამსახურიდან გათავისუფლდება. გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პერსონალისთვის, რომელიც პასუხისმგებელია მისიის კრიტიკული ფუნქციების შესრულებაზე, ძირითად ხელმძღვანელობასა და საგანგებო დანიშნულების პროგრამების შესრულებაზე“.
დირექტივის თანახმად, USAID-ის თანამშრომლებმა ოფისები 30 დღის ვადაში უნდა დატოვონ, რაც განაპირობებს საზღვარგარეთ სააგენტოს 60-წლიანი საქმიანობის დასრულებას.
დონალდ ტრამპის მიერ აღმასრულებელ ბრძანებაზე ხელმოწერის შემდეგ, USAID-ის ათასობით თანამშრომელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია და სააგენტოს პროგრამები მთელ მსოფლიოში შეჩერებულია.
აშშ-ის მთავრობას USAID-ის მიერ პირდაპირ დაქირავებული პერსონალისა და მათი ოჯახების აშშ-ში დაბრუნებისა და გადაადგილების უზრუნველყოფა ათობით მილიონი დოლარი დაუჯდება.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კანონმდებლებს განუცხადა, „USAID-ს შეუძლია კონკრეტული მისიების სამსახურები, ბიუროები და ოფისები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გადაიტანოს და მოახდინოს მათი რეორგანიზაცია და ინტეგრირება, ხოლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს დარჩენილი ნაწილი შესაძლოა გაუქმდეს, რადგან სააგენტოს საქმიანობები ურთიერთსაწინააღმდეგოა და ხშირად არ შეესაბამება აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფართო მიზნებს.’’
0
0