-share.jpg)
რამდენიმე ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებენ უკრაინის მხარდამჭერ გეგმების დეტალურ განხილვაზე, რადგან ისინი რუსეთის სამხედრო გამარჯვებას ელიან, რაც, ჯერჯერობით არ მომხდარა. თუმცა, პირველ რიგში, უკრაინის მოკავშირეები განიხილავენ, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინის დევნილობაში მყოფი მთავრობის ჩამოყალიბებასა და მხარდაჭერას, რომელიც შეძლებს პარტიზანული ოპერაციების წარმართვას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
„იარაღი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა უკრაინის სამხედროებს და კვლავ იგზავნება ქვეყანაში, გადამწყვეტი იქნება მეამბოხე მოძრაობის წარმატებულად წარმართვაში. ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს 10 მილიარდდოლარიანი ჰუმანიტარული დახმარებისა და სამხედრო პაკეტის შემუშავების უზრუნველყოფა სთხოვა, რომელიც უკრაინაში უკვე გაგზავნილი იარაღის მარაგის შევსებისთვის საჭირო დაფინანსებას ითვალისწინებს.
რუსეთის მიერ კიევის შესაძლო ხელში ჩაგდებამ სახელმწიფო დეპარტამენტს, პენტაგონსა და აშშ-ის სხვა უწყებებს გეგმის შემუშავებისკენ უბიძგა, რომელსაც იმ შემთხვევაში განახორციელებენ, თუ ზელენსკის მთავრობას დედაქალაქიდან ან ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს,“ - აცხადებენ ოფიციალური პირები.
”ჩვენ ახლა საგანგებო გეგმაზე ვმუშაობთ. ეს მოიცავს სცენარს, რომლის მიხედვითაც, ზელენსკი პოლონეთში დევნილ მთავრობას აყალიბებს,“ - თქვა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს.
ზელენსკი, რომელმაც საკუთარ თავს რუსეთის "ნომერ პირველი სამიზნე" უწოდა, კიევში რჩება და არწმუნებს თავის მოქალაქეებს, რომ დედაქალაქს არ დატოვებს. მან აშშ-ის ოფიციალურ პირებთან განიხილა - უნდა გადავიდეს თუ არა დასავლეთით, უფრო უსაფრთხო ტერიტორიაზე - ქალაქ ლვოვში, პოლონეთის საზღვართან ახლოს.
„ზელენსკის პირადი უსაფრთხოების სამსახურს მზად აქვს გეგმები მისი და მინისტრთა კაბინეტის წევრების სწრაფად გადაადგილებისთვის. ჯერჯერობით, ის არსად მიდის,“ - თქვა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, უარი განაცხადა რაიმე საგანგებო გეგმის აღწერაზე, რომელსაც უკრაინა განახორციელებდა იმ შემთხვევაში, თუ რუსული ძალები დედაქალაქს დაიკავებდნენ. „შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ უკრაინა კიევის დასაცავად ისევე მიზანმიმართულად ემზადება, როგორც რუსეთი - კიევზე თავდასხმისთვის. ეს ომი უკრაინელებისთვის სახალხო ომად იქცა. ომი უნდა მოვიგოთ. სხვა ვარიანტები არ არსებობს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
უკრაინის პარლამენტის წევრმა, ვოლოდიმირ არიევმა, (ოპოზიციური პარტია - „ევროპული სოლიდარობიდან“) გამოთქვა რწმენა, რომ, ომის მიუხედავად, უკრაინის რადა გააგრძელებს სხდომებს და აღნიშნა, რომ ბევრი დეპუტატი კიევში რჩება.
„ჩვენ არ ვართ ამ ხელისუფლებაში, მაგრამ გვაქვს იარაღი და აქ ხალხთან ერთად ვიბრძოლებთ დამპყრობლების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი ერთადერთი გეგმა, ევაკუაცია ან მსგავსი რამ გამორციხულია“ - თქვა ვოლოდიმირ არიევმა.
აშშ აცხადებს, რომ რუსეთს აქვს იმ უკრაინელების სია, რომლებიც სამხედრო ოკუპაციის შემდეგ „უნდა მოკლან ან ბანაკებში გაგზავნონ“.
მიუხედავად ამისა, ევროპელი დიპლომატები, ისევე როგორც მათი ამერიკელი კოლეგები, უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად თანხმდებიან, თუ კიევი დაეცემა ან ქვეყანა მთლიანად რუსეთის მიერ იქნება ოკუპირებული.
„რუსი სამხედროები ლოჯისტიკურ გამოწვევებს ებრძვიან - მათ შორის, საწვავისა და სურსათის დეფიციტს. უკრაინელები არაერთხელ დაარტყავენ რუსულ მიწოდების ხაზებს. ამისათვის მათ იარაღის მუდმივი მიწოდება და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟება სჭირდებათ. ეს მიწოდების ხაზები ძალიან დაუცველი გახდება და რუსულ არმიას ნამდვილად მოუწევს შიმშილობა,“ - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ უოლცმა. რესპუბლიკელმა სეთ მოულტონმა კი თქვა, რომ ის უკრაინაში ჰარპუნებისა და „სტინგერების“ გაგზავნის მომხრეა.
ოფიციალური პირები უკრაინული ამბოხების აშკარა მხარდაჭერის გამო ფრთხილობენ, რათა ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში არ ჩართონ. მათი თქმით, ზელენსკის პოლონეთში მოქმედი მთავრობისადმი მხარდაჭერა მოსკოვმა შეიძლება ალიანსის მხრიდან თავდასხმად ჩათვლოს, თუმცა უკრაინის ლიდერებს და მოქალაქეებს ნატოს შეშფოთება არ შეაფერხებს.
”პირველ რიგში, ყურადღებას იპყრობს შემართება ხალხისა, რომელსაც სურს ბრძოლა. თუ ბელარუსის საზღვართან გამართული რუსებისა და უკრაინელების მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ, ეს, სავარაუდოდ, შეამცირებს აჯანყების იმპულსს და, შესაბამისად, მის მხარდაჭერას”, - თქვა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ვეტერანმა, ჯეკ დივაინმა.
ნატოს პოლიტიკოსები აღფრთოვანებულნი არიან უკრაინული სამხედრო ძალების სულისკვეთებით, მაგრამ ისინი ასევე ამბობენ, რომ რუსული შემოტევების გასაძლებად მათი შესაძლებლობები შეუზღუდავი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საბრძოლო მასალის მარაგი მცირდება და რუსი სამხედროები დიდ ქალაქებს ალყაში აქცევენ.
ურბანული ომის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები შეეცდებიან წყალმომარაგების მილსადენებისა და ელექტროგადამცემი ქსელების შესუსტებას და ქალაქების დამორჩილებას.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და განვითარებადი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა, რიტა კონაევმა, თქვა, რომ უკრაინამ უნდა მოამზადოს მოსახლეობა ქალაქებში მიწისქვეშა უსაფრთხო ზონების უზრუნველყოფისთვის, რათა შეძლონ მასობრივი საჰაერო და საარტილერიო დაბომბვისგან თავდაცვა.
„როგორც კი რუსული ძალები შეეცდებიან ქალაქებში გადაადგილებას, უკრაინელებს მეტი თავდაცვითი შესაძლებლობა მიეცემათ, რადგან ისინი იცნობენ რელიეფს, შეუძლიათ ააგონ ბარიერები, ქალაქში შესასვლელების შესაზღუდად გაანადგურონ ხიდები და განათავსონ სნაიპერები სახურავებზე„ - თქვა კონაევმა.
ევროპელი ლიდერები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რას მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დამარცხებული უკრაინის პოტენციური საბოლოო მდგომარეობით. პოლიტიკოსები მკაფიო აზრს ვერ აყალიბებენ, თუმცა ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის ვარაუდით, პუტინი შესაძლოა ცდილობდეს უკრაინის "ბევრად პატარა სახელმწიფოდ" გადაქცევას. ამ სცენარის მიხედვით, დასავლეთ უკრაინა დამოუკიდებელი დარჩება. დანარჩენი ტერიტორიები გაერთიანდება რუსეთის შემადგენლობაში და ოკუპირებულ ან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადდება, როგორც ეს კრემლმა უკვე განახორციელა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების შემთხვევაში. თუმცა ეს სტრატეგია "ყველაზე წარმოუდგენელია" იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში რუსეთს ხალხის უდიდესი რისხვა ეწინააღმდეგება.
ნატოს ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ თუ რუსეთი კიევს დაიპყრობს, ეს არ დაასრულებს წინააღმდეგობებს და არც უკრაინის სახელმწიფოებრივ არსებობას.
„რუსებს არ შეუძლიათ მთელი ქვეყნის ოკუპაცია და მისი დამორჩილება. იქნება პარტიზანული ომიც და წინააღმდეგობაც. მაშინაც კი, თუ კიევი დაეცა, ეს ქვეყნის არსებობის დასასრულს არ ნიშნავს“, - თქვა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა.
0
0