
არქეოლოგებმა, პერუს ჩრდილოეთ ბარანკას პროვინციაში, 3500 წლის წინანდელი ქალაქი პენიკო აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, წყნარი ოკეანის სანაპიროს ადრეულ თემებს ანდების მთებსა და ამაზონის აუზის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან აკავშირებდა.
ლიმადან ჩრდილოეთით 200 კილომეტრში მდებარე ქალაქი ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრზეა და, სავარაუდოდ, ძვ.წ. 1800-დან 1500 წლამდე პერიოდში დაარსდა - იმავე პერიოდში, როდესაც ადრეული ცივილიზაციები ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში აყვავდა.
მკვლევრების თქმით, ეს აღმოჩენა ნათელს ჰფენს ამერიკის უძველესი ცივილიზაციის, კარალის ისტორიას. რვაწლიანი კვლევის შედეგად, არქეოლოგებმა ადგილზე 18 ნაგებობა აღმოაჩინეს, მათ შორის ტაძრები და საცხოვრებელი კომპლექსები. ადგილზე მდებარე შენობებში ნაპოვნია საზეიმო ნივთები, ადამიანებისა და ცხოველების ფიგურების თიხის ქანდაკებები და მძივებისა და ნიჟარებისგან დამზადებული ყელსაბამები.
,,ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რა ბედი ეწია კარალის ცივილიზაციას კლიმატის ცვლილებით განადგურების შემდეგ. ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ პენიკო მრავალფეროვან რეგიონებს შორის ეკონომიკური და კულტურული გაცვლის მთავარ ცენტრად აქცია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რეგიონულ სავაჭრო ქსელებში, რესურსების განაწილებასა თუ კულტურულ გავლენას შორის”, - განუცხადა არქეოლოგმა რუთ შედიმ Reuters-ს.
აღმოჩენების წარდგენისას გამართულ პრესკონფერენციაზე, პერუს კულტურის სამინისტროს მკვლევარმა, არქეოლოგმა მარკო მაჩაკუაიმ განაცხადა, რომ პენიკოს მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის კარალის საზოგადოების გაგრძელებაა.
პერუ ამერიკის კონტინენტზე მრავალი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენის სამშობლოა, მათ შორისაა ანდებში მდებარე ინკების ციტადელი მაჩუ-პიქჩუ და ცენტრალურ სანაპიროზე, უდაბნოში ამოტვიფრული იდუმალი ნასკას ხაზები.
0
0