07/02/2025
18:09
პოლიტიკა
არჩევნების შედეგში იმხელა სხვაობაა მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ ძალიან მყარი მტკიცებულებებია საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ შედეგი გაცილებით სხვაა, ვიდრე ეს გამოცხადდა. თუ მტკიცებულება არაა, მაშინ პატივი უნდა სცე შედეგებს, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ.
მან აღნიშნა, რომ ის, თუ ვინ უნდა მართავდეს საქართველოს, ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ.
„საქართველოს ხელისუფლების და ქართული ოპოზიციის დასავლელმა პარტნიორებმა უნდა მკაფიოდ თქვან, რომ მათი ინტერესი საქართველოში სტაბილურობაა. ჩვენი საქმე და როლი არაა დავადგინოთ, თუ ვინ უნდა მართავდეს საქართველოს. ეს უნდა ქართველებმა გადაწყვიტონ.
საარჩევნო კამპანია დაძაბულობით, პოლარიზებით დაიწყო და რაც ყველაზე სამწუხაროა, არჩევნების შემდეგაც ასე გაგრძელდა. ბევრ ქვეყანას გამოუცდია პოლარიზებულ გარემოში არჩევნები. ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოსთვის შეიძლება იყოს განგრძობადი არასტაბილურობა, პოტენციური ქაოსი ან ქაოსი და ამიტომაც ჩვენს ინტერესში უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პატივისცემა, მათთან მოლაპარაკებები და ევროკავშირთან დასაახლოებლად ნაბიჯების გადადგმა”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ანდრაშ ლასლომ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მსგავსი რამ უნგრეთშიც სცადა.
„ძალიან მარტივია თქვა, რომ ახალი არჩევნებია საჭირო. თქვენ სულ ახლახანს გქონდათ არჩევნები. მე საპარლამენტო არჩევნების დროს დამკვირვებლად ვიყავი ჩამოსული. მე გავეცანი გარკვეულ კრიტიკას არჩევნების დღესთან დაკავშირებით, ზოგიერთ სკანდალს, მე თავიდანვე იმას ვამბობდი, რასაც ახლა.
არჩევნების შედეგში იმხელა სხვაობაა მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ ძალიან მყარი მტკიცებულებებია საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ შედეგი გაცილებით სხვაა , ვიდრე ეს გამოცხადდა. თუ მტკიცებულება არაა, მაშინ პატივი უნდა სცე შედეგებს, ხელისუფლებას. ყოველთვის ძალიან მარტივია მათთვის, ვინც აგებს არჩევნებს თქვან რომ ახალი არჩევნები სურთ და სურთ ახალი არჩევნები მანამდე,ვიდრე არ მოიგებენ. სამართლიანია არჩევნები ოპოზიციისთვის მხოლოდ მაშინ, თუ ოპოზიცია იგებს.
ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, ხელისუფლება რომ წავიდეს, ვინ არის ოპოზიციის ლიდერი? ვინ არის ის ერთი ლიდერი? შენ უნდა მოიგო ხალხის დარწმუნებით და მათთან ჩართულობით, არა ქუჩაში ბრძოლით”, - განაცხადა ლასლომ.
მან მომავალ კვირაში დაგეგმილ კენჭისყრაზეც ისაუბრა.
„მომავალ კვირას იქნება ახალ რეზოლუციაზე კენჭისყრა - გაუარესებული მდგომარეობა საქართველოში. ზოგჯერ ამ გამოთქმას ვიყენებთ მაშინ, როდესაც გვსურს ასე იყოს და რეალობად იქცეს. ამას ვაკეთებთ იმის მაგივრად, რომ რეალურად რაც ხდება, ის აღვწეროთ. ევროპელი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები უნდა მუშაობდნენ საქართველოში სტაბილურობისთვის. სამწუხაროდ, ბევრი საპირისპიროდ იქცევა. ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების სტაბილიზაციას უნდა შევუდგეთ”, - განაცხადა ანდრაშ ლასლომ.
ტვ “იმედი”
0
0