06/02/2025
14:20
მსოფლიო
მსახიობი ბენ სტილერი "სიცრუეს" უწოდებს ინფორმაციას USAID-ის მიერ უკრაინაში მისი და სხვა ცნობილი ადამიანების მოგზაურობის დაფინანსების შესახებ
ამერიკელი მსახიობი ბენ სტილერი "სიცრუეს" უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამთავრობო სააგენტო USAID-მა უკრაინაში მისი და სხვა ცნობილი ადამიანების მოგზაურობა "დააფინანსა".
"სრული სიცრუეა. ეს არის ტყუილები, რომლებიც რუსული მედიიდან მოდის. ჰუმანიტარული მიზნით უკრაინაში ჩემი მოგზაურობის ხარჯები, რა თქმა უნდა, მთლიანად მე გადავიხადე და არა - USAID-მა", - წერს სტილერი X-ზე.
როგორც ცნობილია, 2022 წლის ივნისში, სტილერი, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ელჩის რანგში, უკრაინაში გაემგზავრა და პრეზიდენტ ზელენსკის ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს შეხვდა. შეხვედრაზე, სტილერმა ზელენსკის განუცხადა: „რაც თქვენ გააკეთეთ და როგორც გააერთიანეთ ქვეყანა და მსოფლიო, ეს ნამდვილად შთამაგონებელია“.
X-ზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, USAID-მა დააფინანსა უკრაინაში ანჯელინა ჯოლის, შონ პენის, ორლანდო ბლუმისა და ჟან-კლოდ ვან დამის სამოგზაურო ხარჯები. ასევე ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, სიდნი პაუელმა, გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის თანახმად, ცნობილ ვარსკვლავებს უკრაინაში სამოგზაურო ხარჯები გადაუხადეს მთელ მსოფლიოში "[ვოლოდიმირ] ზელენსკის პოპულარობის გაზრდის მიზნით".
,,USAID-ი იყენებდა ჩვენს მიერ გადახდილ დოლარებს, რათა დაეფინანსებინა უკრაინაში ცნობილი ადამიანების მოგზაურობის ხარჯები და გაეზარდა ზელენსკის პოპულარობა მთელს მსოფლიოში, კერძოდ, აშშ-ში. USAID-ის მიერ დაფინანსებული ცნობილი ადამიანები არიან:
ანჯელინა ჯოლი - $20 მილიონი
შონ პენი - $5 მილიონი
ჟან კლოდ ვან დამი - $1,5 მილიონი
ორლანდო ბლუმი - $8 მილიონი
ბენ სტილერი - $4 მილიონი
მთლიანად დაწვით USAID-ი!’’ - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ასევე X-ზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი პოსტის მიხედვით, ვიდეომასალა ყალბია და მისი თავდაპირველი წყარო tsargrad.tv - რუსული „პროპაგანდისტული არხი“ - იყო, რომელიც „უკრაინის ომის კონტექსტში არასანდოდ უნდა ჩაითვალოს“.
0
0